“მთავარი არხის” ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში ჩანს როგორ გამოიყვანეს ესებუა ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობიდან. ის, ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანეს.
ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.
სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა. ცნობილია, რომ თბილისიდან სამეგრელოში ჩასული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.
სავარაუდოდ, ერთ საათში შსს ბრიფინგს გამართავს.
ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.
რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ სამძებრო ღონისძიებები ერთობლივად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციამ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ჩაატარა.
შსს-ს ცნობით, ესებუა სამეგრელოში აიყვანეს – იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
