17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ გარკვეულ ხარვეზებს აწყდებიან. მაგალითად, მოზარდების დაბადების მოწმობებში, რომლებიც 2003 წელს დაიბადნენ, მშობლის პირადი ნომერი არ წერია. ეს კი გარკვეულ შეფერხებას იწვევს და მონაცემების დაზუსტებას საჭიროებს.
აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად დარეგისტრიებული ბავშვებიდან პრობლემა 40 000-ს ჰქონდა, ახლა ეს მონაცემები განახევრდა და სამინისტრო პრობლემის აღმოსაფხვრაში 18 150 მშობელს და 22 569 ბავშვს ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს, რომელიც დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ალეკო ვაშალომიძეს ესაუბრა.
„იმ შემთხვევაში, თუ პორტალი ვერ ადგენს კანონიერ წარმომადგენელთან, ან ბიოლოგიურ მშობელთან ბავშვის კავშირს, ავტომატურ რეჟიმში განაცხადს ენიჭება სტატუსი – განსახილველი. რის შემდეგაც, სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია ინდივიდუალურად განიხილავს ამ მშობლების მიერ დარეგისტრირებულ განაცხადებს, ადგენს მშობელსა და ბავშვს შორის კავშირს და დადგენის შემდეგ ენიჭება დადებითი სტატუსი, შესაბამისად, ერიცხება თანხა.
იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ წარმოდგენილი პორტალზე ატვირთული ან წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად კვლავ ვერ დგინდება ან საჭიროა რამე დამატებითი საბუთი, რომ დადგინდეს მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის კავშირი, ენიჭება სტატუსი – დასაზუსტებელი.
ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი წარმოადგენს კანონიერ დოკუმენტაციას და ამის შემდეგ გაიცემა თანხა. კომისია 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობს. ყველაფერს ინდივიდუალურად გადიან. დაზუსტებას რაც შეეხება, ეს უკვე მშობელზე, ან კანონიერ წარმომადგენელზეა დამოკიდებული, როდის წარმოადგენს იმ დოკუმენტს, რაც დასაზუსტებლად აქვს მითითებული“ – განმარტავს ვაშალომიძე.