20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.
დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის.
პოლიციელს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ოთარის ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობდა, თავად კი სამსახურიდან გამომდინარე უმეტესად საგარეჯოში იყო. ის საგარეჯოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. როგორც ახლობლები ამბობენ, ყველაზე მეტად სწორედ ოჯახთან სიშორეზე წუხდა.
AMBEBI.GE გმირი პოლიციელის შვილებს, ანას (11 წლის) და გიგას (12 წლის) ესაუბრა:
ანა ღვინაშვილი:
“ვაზისუბანში ვცხოვრობთ, მაგრამ საგარეჯოსთან კავშირი გვაქვს – მამას სოფელია ჩაილური, სადაც ძალიან გვიყვარდა სიარული. მამამ ერთი წელია, რაც საგარეჯოში დაიწყო მუშაობა, მანამდე თბილისში იყო. ის მთლიანად სამსახურზე იყო გადართული, მაგრამ ძალიან ცდილობდა ოჯახისთვისაც, ჩვენთვისაც გამოენახა დრო, სითბო და ყურადღება არ მოეკლო, მოუცლელობას არ გვაგრძნობინებდა. მე 11 წლის ვარ, გიგა – 12-ის. მამამ მარტო დაგვტოვა, მაგრამ ის მაიმედებს, რომ მას გმირი უწოდეს, ყოველთვის უნდოდა გმირივით დაღუპულიყო და არა ლაჩრულად. არ ვიცი, დეტალები, როგორ დაიღუპა. იმ ღამით, როცა ჩვენთან ერთი ამბავი ატყდა, მაშინ გავიგეთ, მამა აღარ იყო.
გიგა ღვინაშვილი:
“მამა მხიარულ ადამიანად დამამახსოვრდება, ჩვენგანაც სულ ამას ითხოვდა, არ უყვარდა, როცა ვტიროდით. მამა მკაცრი იყო იმ მხრივ, რომ უნდოდა, კარგად გვესწავლა და ღირსეულები ვყოფილიყავით. ხშირად მეუბნებოდა, დედას მოუარე, ქალებს მიხედე, მარტო ნუ ტოვებ, როცა სახლში არ ვარო. ამ ბოლო დროს, ხშირად ლაპარაკობდა სიკვდილზე, ალბათ იცოდა, რაზეც მიდიოდა.
ვამაყობ გმირი მამით… ჩემს მომავალ პროფესიაზე მიფიქრია, მაგრამ ბევრჯერ გადამიფიქრებია. არასოდეს მდომებია, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა პოლიციელობა და ეს არჩევანი მამის ამბავმა განაპირობა. მინდა მანაც იამაყოს ჩემით, მამას თუ ხალხის გადარჩენა უნდოდა და ამისთვის დაიბადა, მეც მისი გზა უნდა გავაგრძელო“.
წყარო – ambebi.ge