„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას მიმართავს, არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა და გამოიყენონ პირბადეები. ამასთან, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კომპანია მძღოლებსაც აფრთხილებს, რომ თუ წესრიგს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან.
“კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.
უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.