მკვლევარი და მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელი ერეკლე შონია “თბილისელებთან” საუბრობს ქართელი ერის წინასწარმეტყველების უნარზე:
– როგორ უნდა მოიპოვონ ადამიანებმა სიმშვიდე, როდესაც ერთს ეუბნები და მეორე ესმით?
– ერთი რეცეპტი არ არსებობს. ზოგს სხვაზე ზრუნვა სჭირდება, ზოგს – შემოქმედებაზე გადართვა, ზოგს – ბოღმის გაშვება. იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ნიჭუნარები აქვთ, აუცილებლად სჭირდებათ ამის გახარჯვა. ოღონდ თავიანთთვის კი არა, სოციუმის სასარგებლოდ. ჩვენი, ქართველების, დანიშნულებაა სოციალური სოლიდარობა. თუ, მაგალითად, ინდოელს შეუძლია, მარტო იჯდეს და მიაღწიოს ნირვანას, ჩვენ სხვა დანიშნულება გვაქვს: აქ ჩვენ-ჩვენს დარგებში უნდა გავხდეთ ლიდერები და სოციუმს, ქვეყანას შევეშველოთ, თუ გვინდა, რომ დავმშვიდდეთ და გავძლიერდეთ. ანუ ყველა ერს, თავის გეოგრაფიიდან გამომდინარე, თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენი ერის ზოგადსაკაცობრიო დანიშნულებაა ცოდნის გადმოტანა, ჰუმანიზმის ჩვენება, ამიტომ ასეთ რთულ პერიოდებში ჩვენი ერი ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს: იქმნება შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოებები, ფილმები, ტილოები, სამეცნიერო აღმოჩენები, გადაიცემა ცოდნა, ჰუმანიზმი, მაგრამ, თუ არასწორად წარიმართა პროცესი, მაშინ ამ პოტენციალის მქონე პიროვნებები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ხოცავენ, რაც დაგვემართა კიდეც მეოცე საუკუნის 90-ანებში. ოღონდ, თუ 90-ანებში ეს იყო მცირე მასშტაბის, ახლა მსოფლიო მასშტაბი შეიძინა მსგავსმა სირთულემ. ანუ ჩვენი ერი და ქვეყანა ერთგვარად წინასწარმეტყველია, რომელიც პირველი იღებს ინფორმაციას და პირველი იწვნევს თავის ტყავზე სიძნელეებს. მიაქცევდით ყურადღებას: დაიწყება აქ ხანძრები და შემდეგ წელს მთელ დედამიწაზე ჩნდება ხანძრები; დაიწყება წყალდიდობები, შემდეგ ყველგან წყალდიდობებია. შესაბამისად, 90-ანებიც ღმერთმა იმიტომ გაგვატარა, რომ, როდესაც რეალური აპოკალიპტური პერიოდი დაუდგება მსოფლიოს, რაც დღეს ხდება, ჩვენ ვიყოთ ძალიან ძლიერად და სხვისი იმედი გავხდეთ. რაც ახლა დედამიწაზე ხდება, ამის გამოცდილება დედამიწას არ აქვს, ჩვენ კი გვაქვს. დედამიწა რომ დაიკეტა პანდემიისას, კაცობრიობა ასეთი დარტყმისთვის მზად არ იყო არც ინფრასტრუქტურულად და არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, ყველაზე მდიდარი საბჭოთა რესპუბლიკა ერთ წელიწადში ქვის ხანისდროინდელ ქვეყნად რომ ვიქეცით?! ანუ ისეთი წრთობა გავიარეთ, ახლა სხვასაც შეგვიძლია, ვურჩიოთ, ოღონდ ამისთვის უნდა დალაგდეს მმართველობის ყველა სისტემა: განათლებით დაწყებული და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. დიახ, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ერთმანეთის წინააღმდეგ 30 წლის განმავლობაში, ის არც ერთ ერს არ ჩაუდენია, მაგრამ, სამაგიეროდ, ამით დიდი გამოცდილება მივიღეთ და ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, ადამიანობით, პოლიტიკური გამოცდილებით, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ევროპარლამენტარი.
წყარო – tbiliselebi.ge