პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია ოპერაციების კეთებას წყვეტს. მიზეზი პაციენტების დაფინანსების ახალი მოდელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ აამოქმედა. როგორც ჩიკვატია სოციალურ ქსელში წერს, დაფინანსების ეს ფორმა (DRG ) დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის.
“მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ- დი არ ჯი- ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის. ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ,ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ “იმპლანტ დამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად.
ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების, რაც საკმაოდ ძვირია მთელს მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად, გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. დი არ ჯის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე!
4-თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი- ძირითადად, 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!
ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში. ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა. შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი. მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა, ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა.
აქვე მოგიყვანთ 490 გვერდიანი წიგნის ფოტოს თუ რა არის დი არ ჯი ევროპაში, ( ხელმისაწვდომია უფასოდ) რაც არ მგონია ბევრს წაკითხული ჰქონდეს. 490 გვერდი ხუმრობა არ არის . სიახლეებს შემდგომში მოგაწვდით, ამ ეტაპისთვის ესეა. ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო, ისიც ვიცი, რომ ელოდებიან ვინ პირველი აყვირდება, დაე, ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, მინიმუმ,” – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
“ზუსტად იგივეა ყბა-სახეში! ბნელი 90-იანი წლების დაბალხარისხიანი მკურნალობის პერიოდი დგება”
“საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაჯდება, შედეგების გამოსწორების დრო როცა მოვა”
“რა ეშველებათ იმ პაციენტებს ვისაც უკვე ეს “ნაგავი” აქვს ჩაყენებული?” – ნათქვამია კომენტარებში.
შეგახსენებთ, პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების დაფინანსების ახალი მოდელი დი-არ ჯი ამოქმედა. მოდელის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტს რამდენი და რა ტიპის მომსახურება დასჭირდება, ტარიფი ყველა კლინიკაში ერთნაირია და კლინიკებს დამატებითი გადასახადის დაწესება ეკრძალებათ.