ჟურნალისტი, ტელეწამყვანი შაინინა, მანამდე ნინო ბარათაშვილად ცნობილი, უკვე სამი წელია აშშ-ში იმყოფება. მან იქ იქორწინა კიდეც და ამჯერად ნინო მიჩელი გახლავთ. 3 წლის წინ უზარმაზარ ამერიკაში ერთი ჩემოდნით და ნასესხები 300 დოლარით ჩასული, საოცარ თავგადასავლებში აღმოჩნდა…
თუმცა მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ასეთი ბედნიერი ფინალისთვის და შედეგისთვის ნამდვილად ღირდა. AMBEBI.GE მას ამერიკაში დაუკავშირდა. ნინომ გულღია და ემოციებით სავსე ინტერვიუ მოგვცა.
– ცხოვრებაში არის ეტაპები, რომლებიც გარკვეულ დეკადებად იყოფა… 40 წლის რომ გავხდი, გარშემო ყველაფერი შეიცვალა და
ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება 40 წლიდან, ყველაზე დიდი გარდატეხის პერიოდს დაემთხვა. ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები ხდება… თუმცა 2019 წლის 13 დეკემბერი კი საკმაოდ მძიმე დღე აღმოჩნდა, უკვე 44 წლის ვიყავი.
– რას გულისხმობ?
– სახლი, რომელიც ჩემი მშობლებისგან მემკვიდრეობით მერგებოდა, რომელიც სავსე იყო მთელი ჩემი მოგონებებით, შენაძენით, საყვარელი ნივთებით და არა მარტო ჩემი, ასევე ნამზითვით, დედაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბებიის სახსოვრად გადმოცემულით… პირველი შვილთაშვილი ვიყავი და ბევრი სამახსოვრო ძვირფასი ნივთი მქონდა არა მარტო მოგონებებისთვის და ჩემი ემოციებისთვის, არამედ ფასეულად ძვირფასიც. მოკლედ, ამ სახლში, სოფელ დიღომში, უმეტესად ზაფხულობით ავდიოდი. იმ წელს კი ფეხი მოვიტეხე, ყავარჯნებით დავდიოდი და ამის გამო დიღომში ასვლა დიდი ხნის პაუზის შემდეგ მომიწია. კარი რომ გავაღე, გავშეშდი, გავიყინე. დარბეულ სახლში აღმოვჩნდი. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა… რა არ ვიფიქრე… ეს იყო ტკივილი, შეურაცხყოფა, სევდა, დარდი, შიში და უამრავი კითხვა, რომლებიც მოდიოდა, დღემდე მოდის და პასუხი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლსა და პოლიციას საერთო ღობე ჰქონდა. მათი კამერები ხედავდა სახლის შესასვლელს, მთელ ეზოს. ეს დარბევა მაინც მოხდა. სადღაც დავუშვი, რომ თინეიჯერების გაკეთებული ხომ არ არის-მეთქი… ჩემს თავში დღემდე არ ჯდება, ასეთი ვის რა დავუშავე, ვისი სამიზნე უნდა ვყოფილიყავი, რომ ჩემი ქონება ასე გაემეტებინა.
მაშინვე ლაივი ჩავრთე, ადამიანების მხარდაჭერა მჭირდებოდა, რომ ისტერიკაში არ ჩავვარდნილიყავი. წარმოიდგინეთ, საკონცერტო ფორტეპიანოს, რომელსაც სპილოს ძვლის კლავიატურა ჰქონდა, კლავიშები ჰქონდა ამოღებული. ფანჯრები, მაცივრები ჩამსხვრეული… იქ დიდხანს ვერ გავჩერდი და შვილებთან თბილისში წამოვედი. მარიამმა რომ დამინახა ასე აკანკალებული, გაგიჟდა და მითხრა, წადი ამ ქვეყნიდან, გაეცალე აქაურობასო…
მოკლედ, ექსპერტთა ჯგუფმა 17 ზრდასრული ადამიანის თითის ანაბეჭდი აიღო… 2019 წლის 14 დეკემბერს პოლიციაში განცხადება რომ შევიტანე, მას მერე აღარ მომიკითხავს. მივიღე გადაწყვეტილება, ამერიკაში წამოვსულიყავი და 10 დღეში უკვე ნიუ-იორკში ვიყავი.
!["44 წლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე..." - შაინინას ამერიკული ცხოვრება, ნიუიორკელი მეუღლე და ნასესხები 300 დოლარით დაწყებული საოცარი თავგადასავალი](https://marao.ge/images/stories/shainina7-41052.jpg)
– ასე უცებ როგორ მოხერხდა?
– 10-წლიანი ვიზა მქონდა. 5 წლამდე ისე მედო, არ გამომიყენებია. მოკლედ, ფული მეგობარმა მასესხა, ჩავალაგე ჩემოდანი და მტკივანი ფეხით, კოჭლობით და ხელჯოხით ჩამოვედი.
– ვისთან?
– არავისთან… ერთადერთი, გამომგზავრებამდე მეგობარმა ნატო ჩადუნელმა დამირეკა, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ლაივი უნახავს – რა ხდებაო? ვუთხარი, ამერიკაში უნდა წავიდე-მეთქი. იცნობ ვინმესო? არა, მაგრამ არ დავიკარგები, აქამდე ჯერ არ დავკარგულვარ-მეთქი. ნიუ-იორკში ჩემი მეგობრის დედა ცხოვრობს, დაგაკავშირებ და იქნებ დაგხვდესო. იმ ქალს მივწერე. მიპასუხა – ნატოს ახლობელი ხარ და გიპატრონებო. ნარგიზა ვერა, მაგრამ მისი ნათესავი დამხვდა და მასთან მიმიყვანა. 23 დეკემბერი იყო. ჯიბეში ნასესხები ფულიდან 300 ლარი მედო. ნარგიზამ შვილივით მიმიღო…
საერთოდ ქუდბედით და ბედის პერანგით დავიბადე და როგორც ძველები იტყვიან, ამის გამო ღვთის სიყვარული თან დამყვება. აქამდე იღბლიანი ვიყავი და აქაც ასეა, რაც ჩამოვედი, ამ ქვეყანაში ხელისგულზე მატარეს.