თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი: – ბებია გავხდი 45 წლის ასაკში, როცა ელენე დაიბადა. ეს აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენაა. არ ვეთანხმები გავრცელებულ აზრს, შვილიშვილმა შვილი დამავიწყაო. როგორ შეიძლება შვილი რამემ გააფერმკრთალოს? მაგრამ ჩანს, გული დიდია და ბევრს იტევს. ელენე თავიდანვე ჩვენთან იზრდებოდა. საოცარი განცდა იყო, როდესაც თვალი გაახილა და ჩემს შვილიშვილს პირველად დავხედე. მას შემდეგ უცნაური კავშირი გვაქვს. მუცლად ყოფნის დროს სულ ვუმღეროდი: “პატარა ქალო, ჯერ გავითვალოთ: იწილო-ბიწილო…” და რაც უნდა უცნაური იყოს, როდესაც ორი საათის დაბადებულსაც ეს
ვუმღერე, თითქოს სცადა, თავი მოებრუნებინა და დაენახა, ვინ მღეროდა… დარწმუნებული ვარ, ბავშვებს მუცლად ყოფნის დროს ყველაფერი ესმით. ამიტომ უნდა ელაპარაკო და უმღერო კიდეც.

– ბებიას გეძახით?
– ხან თამრიკოს მეძახის, ხან – დადის. ახლა პატარა მარიამიც დადის მეძახის. ელენე უკვე მე-7 კლასშია. ერთხელ სკოლაში რომ მივაკითხე და ბავშვებს უთხრა, ბებიაჩემმა მომაკითხაო, მეუცნაურა და ბევრი ვიცინე. არ მეძახის, თორემ ძალიან კარგად ვიცი, რომ ბებია ვარ და ძალიანაც ვამაყობ. რიტუალი გვაქვს: დილას რომ გამოვა, უნდა მომესალმოს და ჩამეხუტოს. საღამოს პატარა ლოცვას კითხულობს ხოლმე, მიყურეო, მეუბნება, მერე პირჯვარს გადამსახავს. მე ვეტყვი: “ტკბილი ძილი” და მიდის. ეს საღამოს რიტუალია. როდესაც ელენე სადმეა წასული, ამას სკაიპითაც ახერხებს. ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, მეგობრული, საოცარი უნარი აქვს საიდუმლოს შენახვის. ჩემ თვალწინ ყალიბდება პიროვნებად, თუმცა მე პიროვნებად დაბადებიდანვე აღვიქვი.
– მარიამი თქვენთან ერთად არ ცხოვრობს. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– საოცარი ბავშვია, ძალიან თბილი, ოღონდ აბსოლუტურად განსხვავებული ელენესგან. ძალიან ხშირად არის ჩვენთან, რადგან კოკოც და ანიც არიან იმ განწყობით, რომ ბავშვები, როგორც დები, ისე უნდა გაიზარდონ. თუ მარიამი ჩვენთან არ არის, აუცილებლად მირეკავს და ანგარიშს მაბარებს, იმ დღეს სკოლაში რა გააკეთა. ჭადრაკზეც დადის და უკვე ჩემპიონი გახდა; მუსიკაზე დადის და ძალიან დიდი მიღწევები აქვს. ბოლოს გამაგიჟა – კარატეზე დაიწყო სიარული და იქაც ჩემპიონი გახდა! მარიამი სულ მეხუტება. საოცარი ენერგეტიკა აქვს ორივეს. მოკლედ, მე ვარ ძალიან გალაღებული ბებია.
“მთავარია, კარგი ადამიანები გაიზარდონ…”
ირმა სოხაძე, მომღერალი: – ბებია 14 წლის წინ გავხდი. უფრო ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ სალომე 30-ს იყო გადაცილებული, მაქსი რომ შეეძინა. ახლა 14 წლისაა და პრაღაში ცხოვრობს. შემდეგ უკვე ნატა გათხოვდა. მას ორი ბიჭი ჰყავს – რეზიკო და ალექსანდრე. საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის შვილიშვილებთან ურთიერთობა. პატარას შეუძლია უცებ წამოწვეს ჩემთან ერთად და მითხრას, მოდი, ახლა შენ მომიყევი საქართველოს ამა და ამ მეფეზეო. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორია სკოლაში წესიერად არ გვისწავლია, ამიტომ სანდროს შიშით რაღაცებს ვკითხულობ და ვემზადები ხოლმე მასთან შესახვედრად. ლიტერატურაზეც უყვარს საუბარი და მერე საყვარელ დასკვნებს აკეთებს. სანდრო ისეთი ემოციური ბავშვია, მგონი, ყველაზე ადრე ეგ გაიჩენს შეყვარებულს და სალაპარაკოც მეტი ექნება ჩემთან, ვიდრე უფროსებს. შეუძლია გოგონა ისე სერიოზულად და ისე საყვარლად შეაფასოს, გულიანად გაგეცინება.
სამწუხაროდ, არც ერთი არ მღერის. ამას თავიდან განვიცდიდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მთავარია, კარგი ადამიანები გაიზარდონ…

– მაქსისა და რეზიკოზეც მიამბეთ…
– მაქსი პრაღაში დაიბადა, სალომე იქ ცხოვრობს და მუშაობს – რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტია. ნატა სალომეს დაბადებიდან ცხრა წლის შემდეგ გაჩნდა და ის უკვე მე და რეზომ გავზარდეთ. სალომე კი დედაჩემმა გაზარდა და როდესაც თვითონ გახდა დედა, წლინახევრამდე არ უნდოდა ძიძა აეყვანა. ამიტომ მე და რეზო რამდენიმე თვე იქ ვიყავით. მერე რაღაცნაირად ახერხებდნენ ადრიანი, ჩემი სიძე და სალომე ფონს გასვლას, მაგრამ ბავშვი 10 თვის რომ გახდა, ისევ მე მომიწია 6 თვით წასვლა. პირველად დავრჩი შვილიშვილთან მარტო. თავიდან ორივეს გვიჭირდა, მერე და მერე კი ორივე მივხვდით, რომ ძალიან მოგვწონდა ურთიერთობა.
– რას ამბობენ, ეკრანზე რომ გხედავენ?
– რეზიკოს ერთი პერიოდი არ სიამოვნებდა, როცა სადღაც ვიყავით და სიტუაცია მოითხოვდა, ყურადღება სხვებისთვის გამენაწილებინა. ახლა, რაც ცოტა მოიზარდა, მოსწონს. რაც შეეხება სანდროს, ძალიან მოსწონს.
წყარო:marao.ge