2021 წელს ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მას მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა.
„ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეზე დამჭირდებოდა მაგასთან მისვლა. მას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა. მე მას ვუთხარი, რომ შენ უნდა წაიყვანო ეგ (სააკაშვილი). თორემ მანამ თქვენ ამ საკითხს თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) შეიძლება იქ მოკლან-მეთქი“, – თქვა ბუბა კიკაბიძემ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას.
“ძალიან კარგად მიმიღო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოვუყევი. მე ვკითხე, ბრძოლა წესების გარეშე გიყვარს-მეთქი? კიო. ჩამოდით-მეთქი თბილისში და ნამდვილ ბრძოლას წესების გარეშე განახებთ-მეთქი. ყველა სოფელს და ქალაქს მოგატარებთ, სადაც ურტყამენ ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს. გუშინ კიდევ 60 კაცი დააკავეს, წამდაუწუმ არის ატეხილი ცემა-ტყეპა-მეთქი. ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, შენ ხომ ხარ, კაცო, უკრაინის პრეზიდენტი, ჰოდა, ეს (სააკაშვილი) შენი მოქალაქეა და შენ ის უნდა წაიყვანო. იმიტომ, რომ მანამ თქვენ ამას თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) იქ შეიძლება მოკლან-მეთქი. აი, ეგეთი ლაპარაკი იყო და იმ წუთშივე, საღამოს უკვე დაიწყო ტელეფონით ლაპარაკი საქართველოსთან და მიუსია ხალხი. ეგეთი ამბავი, რა”, – განაცხადა კიკაბიძემ.