საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ. როგორც სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, “საქართველოს საელჩოში შეტყობინება არ შესულა, ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილიბრივ სამართალმდაცველებთან და არკვევს სიტუაციას.”
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არც ოჯახს არ დაუდასტურებია.
ლიზა ქისტაური რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ მის მეგობრებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებით არის მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან მისი მეგობრები, ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა.
