ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე, 82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.
ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა. სანაკრებო კარიერაში მის ანგარიშზე 92 მატჩში 77 გოლია. პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოგება შეძლო – 1958, 1962 და 1970 წელს.
აღსანიშნავია, რომ 1995-1998 წლებში პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.