თბილისელი მაია ვეფხვაძე გველებთან, აგამებსა და ტარანტულებთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ბედნიერად ცხოვრობს და სიამოვნებით ზრუნავს მათზე. ხუმრობს, რომ ეს ქვეწარმავლები მისი მზითვია და სჯერა, რომ მომავალ მეუღლესაც მასავით ეყვარება ეს არსებები.
„სკოლაში რაღაც საცირკო წარმოდგენისას მოიყვანეს ისინი და პირველად მომეცა საშუალება, გველს ხელით შევხებოდი. მაშინ დაახლოებით მეცხრეკლასელი ვიყავი. ამ შეხებამ ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა, რომ მას მერე მომყვება და მომყვება ეს გრძნობა… როცა სტუდენტი გავხდი, ზოოპარკში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ამ არსებების მიმართ ჩემი სიყვარული ისეთი თვალში საცემი იყო და ისეთი მონდომებით ვუვლიდი მათ, რომ მოგვიანებით შტატიანი თანამშრომელიც გავხდი, რამდენიმე წლის წინ კი ზოოპარკიდან წამოვედი და თანამოაზრე მეგობართან ერთად განვახორციელე პროექტი, რომლის დახმარებით მოსახლეობას გველებისა და სხვა ქვეწარმავლების შესახებ ცნობიერებას ვუმაღლებთ. ქვეწარმავლების შესახებ ბევრი მითი დადის, არასწორი წარმოდგენაც აქვთ.
ვცხოვრობ დედ-მამასა და ძმასთან ერთად, მაგრამ გველებსა და ჩემი კოლექციის სხვა ბინადრებზე მხოლოდ მე ვზრუნავ. პირველი გველი 18 წლის ასაკიდან მყავს. თავიდან ოჯახის წევრები დაბნეული იყვნენ, არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ… მერე ნელ-ნელა ვასწავლე, როგორ უნდა აეყვანათ ხელში. ახლა შეეჩვივნენ და მეკითხებიან, კიდევ რას მოიყვანო. მყავს ხუთი გველი. მათგან ოთხი უსახელოა, ერთს კი გოგიტა დავარქვი… ჩვენი მეგობრის პატივსაცემად, რომელსაც ასევე უყვარს გველები. გეკონი მყავს, დიდი თვალებით, ხაოიანი კანით და ძალიან პუტკუნა, ასევე – ერთი ტარანტული, რომელიც ისე საყვარლად დააბოტებს, ბობოლიას ვეძახი. მყავს აგრეთვე ხოჭოები, ობობები, ტარაკნები, ოღონდ ჩვეულებრივი კი არა, სისინა ტარაკნები.
აქაური არც ერთი არ არის, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ინდოეთიდან არიან. გოგიტა ჩვეულებრივი მახრჩობელაა. იზრდება ოთხ მეტრამდე. ახლა სამი წლისაა და ჯერ მხოლოდ ორი მეტრია. მყავს ასევე მცურავები და ერთი პითონი, რომელიც ჯერ ერთ წლამდეა და 1,5 მეტრია მხოლოდ. სულ არ არიან პრეტენზიული მოსავლელები. კვირაში ერთხელ ვაჭმევ, ერთხელ ვასუფთავებ და ორჯერ წყალს ვუცვლი.
ესენი ცხოვრობენ სპეციალურ ტერარიუმებში, რომლებიც, თუ მე სახლში არ ვარ, დაკეტილია.
აუცილებლად შევაჩვევ და შევაყვარებ ამ არსებებს ჩემს მომავალ მეუღლეს. რომ ავუხსნი, როგორები არიან, მჯერა, მასაც ჩემსავით შეუყვარდება. მე თუ ვეყვარები, ჩემი მზითევიც ეყვარება“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ მაია ვეფხვაძემ.
წყარო: კვირის პალიტრა