მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ქრონოლოგიური სისტემა მზის გარშემო დედამიწის ციკლურ ბრუნს ემყარება. ამ მზის კალენდარს გრიგორიანული ჰქვია. მას აღნიშნული სახელწოდება მიენიჭა რომის პაპის – გრიგოლ XIII-ის პატივსაცემად, რომლის ბრძანებულებითაც, ზემოთ ხსენებულმა კალენდარმა იულიუსის კალენდარი ჩაანაცვლა. თუმცა, ბევრმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მათ შორის – საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, გრიგორიანული რეფორმა არ ცნო და დღემდე „ძველი სტილით“ ცხოვრობს. მაგალითად, შობა საქართველოში აღნიშნება არა 25 დეკემბერს, არამედ – 7 იანვარს. თუ რა განსხვავებაა „ძველ“ და „ახალ“ კალენდრებს შორის, ამას სტატიიდან გაიგებთ.
რატომ ჩაანაცვლეს იულიუს კეისრის კალენდარი?
თანამედროვე კალენდარი სათავეს იღებს ძველი რომაული კალენდრიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წლის 1 იანვარს იულიუს კეისარმა შემოიღო და მას გარკვეულ ქვეყნებში “ძველ სტილს” უწოდებენ. იულიუსის კალენდარში წელი 1 იანვარს იწყებოდა. ის 365 დღესა და ექვს საათს მოიცავდა.
თუმცა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მზის ანუ ტროპიკული წლის საშუალო ხანგრძლივობა (დროის პერიოდი, როდესაც მზე წელიწადის დროების ერთ ციკლს ასრულებს) 365, 2422 დღეს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტროპიკული წელი 11 წუთითა და 14 წამით ნაკლებია იულიუსის კალენდრის მიხედვით განსაზღვრულ ერთ წელზე. ამ შეუსაბამობამ განაპირობა ის, რომ იულიუსის კალენდარში ყოველ 128 წელიწადში ერთი ზედმეტი დღე რჩებოდა. მე-16 საუკუნისთვის კი ამ განსხვავებამ ათი დღე შეადგინა.
სწორედ ამიტომ,1582 წლის 4 ოქტომბერს, მთელ რიგ ქვეყანაში, სადაც კათოლიციზმი იყო აღიარებული, იულიუსის კალენდარი შეიცვალა უფრო ზუსტით – გრიგორიანულით, რომელიც რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. თანდათან მასზე გადაერთო მსოფლიოს თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი 1918 წელს გააქტიურდა. ყველაზე ბოლოს იულიუსის კალენდარი თურქეთმა (1926) და ჩინეთმა (1949) შეცვალეს.
ახალი კალენდარული სისტემის სტრუქტურა
1582 წლის რეფორმა იმაში მდგომარეობდა, რომ ზედმეტი 10 დღე უბრალოდ ამოშალეს. შესაბამისად, ხუთშაბათის 4 ოქტომბრის მეორე დღეს დადგა პარასკევი, რომელიც 15 ოქტომბერი გახდა. ამასთანავე, დროის გამოთვლის სისტემა მზის გარშემო დედამიწის ციკლურ ბრუნვას შეუსაბამეს. წლის ხანგრძლივობად განისაზღვრა 365,2425 დღით, რაც 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს მოიცავს. ამით საშუალო კალენდარული წელი მზის (ტროპიკული) წელს უფრო მიუახლოვდა.
ამასთანავე, 1582 წლიდან დადგინდა ნაკიანი წელი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ, კალენდარში 29 თებერვლით გამოიხატება. თუმცა ნაკიანი წლების განაწილება ისეთია, რომ ტროპიკული წლის ხანგრძლივობასთან შეუსაბამობები ჯერ კიდევ გარდაუვალია. თუმცა ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა: გამოთვლების შედეგების მიხედვით, 10 ათასი წლის განმავლობაში ეს განსხვავება მხოლოდ ერთი დღე იქნება.
დგება პერიოდები, როდესაც მზე „ჩერდება“. წელიწადში ორი მზებუდობაა: ზამთარში, როდესაც მზე ჰორიზონტის ყველაზე დაბალ წერტილშია და ზაფხულში, როდესაც მზე ჰორიზონტის უმაღლეს წერტილშია. შესაბამისად, სწორედ ამ დროს დგება წელიწადში ყველაზე მოკლე დღე (და ყველაზე გრძელი ღამე) და ყველაზე მოკლე ღამე (და ყველაზე გრძელი დღე). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობა დგება 21 და 22 დეკემბერს, ხოლო ზაფხულის – 21 და 22 ივნისს. სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით არის: 21 და 22 დეკემბერს ზაფხულის, 21 და 22 ივნისს კი ზამთრის მზებუდობაა. თუმცა რადგან ოთხ წელიწადში ერთხელ არის ნაკიანი წელი, ეს თარიღები შეიძლება ოდნავ შეიცვალოს.
ძველით ახალი წელი
სხვათა შორის, ძველ დროში ზამთრის მზებუდობა განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა. მაშინ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები მრავალი ტომი ყველაზე გრძელ ღამეს სიკვდილისა და ბნელი ძალების ბატონობის უმაღლეს წერტილად აღიქვამდა. როდესაც ზამთრის მზებუდობა სრულდებოდა და დღე ისევ მატებას იწყებდა, ადამიანებში სიხარული და გართობა იწყებოდა: ისინი “ახალი მზის დაბადებას” ზეიმობდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ დაიწყეს პირველმა ქრისტიანებმა ამ პერიოდში ქრისტეშობის აღნიშვნა.
თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ მიიღო გრიგორიანული რეფორმა და შობას აღნიშნავს არა 25 დეკემბერს, არამედ – 7 იანვარს. ამ ფაქტის არგუმენტი კი მათთვის არის ის, რომ იულიუსის კალენდარი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით არის ნაკურთხი. ძველი კალენდარული სისტემის დამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ „ახალ სტილზე“ გადასვლის შემთხვევაში თუ პარალელურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამოთვლის ტრადიციული სისტემაც შენარჩუნდება, ბევრი დაბნეულობა წარმოიქმნება და უფრო მეტიც, ლიტურგიკული წესების დარღვევაც გარდაუვალი იქნება.
თუმცა, იულიუსის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღნიშვნა დიდი ხანია ტრადიციად იქცა როგორც მორწმუნეებისთვის, ისე – ათეისტებისთვის. ძველით ახალ წელს, რომელიც 13-14 იანვრის ღამეს დგება, აღნიშნავენ სერბეთში, მონტენეგროში, მაკედონიაში, შვეიცარიაში, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის – საქართველოში.
წყარო: imedinews.ge