ზოგჯერ ადამიანი ერთი ფრაზით ამახსოვრდებათ ისე, რომ ის ფრაზა მისი მეტსახელიც ხდება. გიორგი გილიგაშვილის მეტსახელადაც მისი საყვარელი ფრაზა – „ჩემმა მზემ“ იქცა. როგორც გვეუბნება, ბოლო დროს ქალაქში ცხოვრება მისთვის ცოტა მოსაწყენი გახდა და სოფლად გადასვლა გადაწყვიტა. იქ კი სოფლის საქმეებში აქტიურად ჩაერთო, რითაც დიდ სიამოვნებას იღებს.
„საერთოდ ნათქვამია, – სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, – ეს ხალხურია, თუმცა მამა იოსებს ასეთი რამ აქვს ლექსად ნათვამი: „ყოველისშემძლეა ბედიწერა ვისაც ჰგონია,/ბედი კი არა, იმ საბრალოს ჭკუა არ ჰქონია,/ყველა თვითონ არს საკუთარი ბედის მჭედელი,/ ბედს არ უჩივის სულიერი თვალით მხედველი/. მიყვარს მამა იოსები და მისი ეს სტრიქონები… მეც მგონია, რომ თითოეული ჩვენს ბედისწერას თვითონ ვჭედავთ… მოკლედ, უფლის ნებით და არა ბედისწერით ჩემ გარშემო ამბები ასე განვითარდა: ჩავთვალე, რომ ქალაქში არაფერი ხდებოდა, თითქოს ქალაქში მუზებმაც კი მიმატოვეს. აქ პანდემიით გამოწვეულ კარჩაკეტილობას არ ვგულისხმობ, მაგ პერიოდში ბოლომდე ქალაქში ვიყავი გამაგრებული. როდესაც შეზღუდვები ცოტა შემსუბუქდა, სოფლად მაშინ წავედი. შეიძლება უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, ან მე ვცდებოდი, ასე უნდა ყოფილიყო.