გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, გზის დასაგებად ასფალტი დააკლდათ, რადგან კომპანიამ რამდენიმე ადგილობრივის ეზოში პატივისცემის ნიშნად დააგო. ამისათვის კი ისინი აქეიფეს და მადლობა გადაუხადეს. როგორც ,,ტვ მონიტორინგს“ ადგილობრივებმა უამბეს, მომხდარის გამო ერთ-ერთი ქუჩის გზა ნახევრადაა რეაბილიტირებული და სამუშაოები ბოლომდე ვეღარ შესრულდა.
,,2-3 ოჯახს ეზოში დაუგეს ასფალტი და მუშებს მაღარიჩი უკისრეს. ხოდა, შემდეგ ასფალტი დააკლდათ და სამუშაოები ბოლომდე ვერ შეასრულეს. სოფლის ერთ-ერთი ქუჩის გზაზე ნახევრადაა დაგებული ასფალტი. მაგარი კურიოზი შეემთხვათ. ყველაფერი უცნაური აქ როგორ უნდა მოხდეს“ – უთხრა ,,ტვ მონიტორინგს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, სოფელ კირბალში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გასულ თვეს დასრულდა. ჯერ-ჯერობით უცნობია მოხდება თუ არა გზის დარჩენილი ნაწილის ასფალტირება. ,,ტვ მონიტორინგი“ დამატებით დეტალებს გორის მერიაში არკვევს.