მღვდელმონაზონი ლეონ გელოვანი საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარიზი-ქუთაისის ავიარეისი გაუქმდა და ღამის გათენება საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად აეროპორტის დარბაზში უწევს. მისივე ცნობით, სხვა ქვეყნების საელჩოებისგან განსხვავებით, საქართველოს საელჩოს წარმოამდგენლები ადგილზე არ მივიდნენ და არც რაიმე ინფორმაცია მიაწოდეს.
პარიზი-ქუთაისის რეისი გაუქმდა. გვეუბნებიან რომ ერთი კვირის შემდეგ გადაგვიცვლიან ბილეთებს. ავიაკომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ხუთი საათი ვიდექით, საელჩომ ცხელ ხაზზე მიპასუხა, რომ შესაძლებელია აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში გავათენოთ საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ.
არც კი მოვიდა ვინმე საელჩოდან, რომ მინიმუმ სწორი ინფორმაციის მოწოდება უზრუნველყონ.
აქვე, სხვა ქვეყნის (რუსულენოვანები იყვნენ, ზუსტად არ ვიცი) 20-მდე მოქალაქეს გაუუქმდათ ფრენა, მოვიდა მათი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი, ავტობუსით წაიყვანა ეს ხალხი და დაპირდა მეორე დღეს ფრენის უზრუნველყოფას.
7 საათის შემდეგ კონსულმა განგვიცხადა, რომ დავრეკოთ ახლობლებთან და ვისესხოთ ფული ბილეთებისთვის.
ახლა გვთავაზობენ იატაკზე დაწოლას და დაძინებას, მობრძანდით ბატონო ელჩო და დაიძინეთ თქვენც აქ! მოსვლა მაინც იკადრეთ, – წერს მამა ლეონ გელოვანი.
