თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გრძელდება. 20 ივნისს, სხვა მოწმეებთან ერთად პროცესზე დაიკითხა მოკლულ ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი.(იხილეთ: “ომარის მაგდა იმ დონეზე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა” – რა ჩვენება მისცა ომარ ქაფიაშვილის ძმამ?!)
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ომარ ქაფიაშვილის 3 თანამშრომელი, ნაწილობრივ დაიკითხა მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე, რომლის დაკითხვაც ცოტა ხნით შეწყდა და შსვენება გამოცხადდა. პროცესზე ლანა პაპიძემ წინა ჩვენებბში გაკეთებული განცხადებებიდან უმეტესობა უარყო.
ლანა პაპიძე აცხადებს:
“ომარი ძალიან კარგი სიძე იყო, ხშირად სვამდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ერთხელ ნასვამი იყო, გარეთ მეზობლის ძაღლი იყეფებოდა, ომარმა კი ძაღლს ყელი გამოჭრა. ჩემი და იდეალური ცოლი და დედა იყო. მკვლელობის ღამეს, ჩემმა შვილმა ტელეფონით ითამაშა, ვერ დავტენე, გამორთული მქონდა და დავიძინე. დილას, 11 საათზე ჩავრთე, უამრავი გამოტოვებული ზარი იყო შემოსული, ბიძაჩემმა, დავით შამუგიამ დამირეკა და მითხრა, ძია ცუდი ამბავი მოხდა, ომარის და მაგდას უჩხუბია და მათთან ჩადიო. მაგდასთან ვრეკავდი და არ მპასუხობდა, ომარის ტელეფონი გათიშული იყო, მაგდასთან რომ მივედი, უამრავი ხალხი დამხვდა, რაც ჩემთვის ცუდის მიმანიშნებელი იყო. მანქანიდან რომ გადმოვედი, ვიკითხე რა ხდება, მაგდას ხომ არაფერი მოუვიდა, მაგდა ხომ არ მომიკვდა – მეთქი, მიპასუხეს, მაგდა ცოცხალია, ომარი და ბავშვი აღარ არიანო. მაშინ გავიგე ეს ამბავი, იმდენად დავიბენი, ჩემი შვილი მანქანაში დამრჩა, მერე დავურეკე ნათესავებს, ისინი მოვიდნენ…
არ ვადასტურებ იმას, რომ მე ლილის ვუთხარი “რასაც ვფიქრობ ის არის”, არც ის მითქვამს, მაგდას არ ვაცოცხლებ, საფლავს არ ვაღირსებო, ესენი ჩემი სიტყვები არაა, თვითონ ლილი ამბობდა, კიდევ კარგი მაგდასაც არ მოუვიდა რამე, ახლა მოვა გამომძიებელი და ინსულინი გაატანეო… 12-ის 15 წუთზე ცხედრები უნდა მოასვენონო და ოთახი უნდა დაცლილიყო. ლილიმ მითხრა, მაგდას ადებენ ხელსო. მიჩნდება კითხვა, თუ იქ მოხდა შემთხვევა, ის ოთახი გამოძიებამ რატომ არ დალუქა. ოათხი დაცალეს მეზობლებმა, ზოგს რა გაჰქონდა, ზოგს – რა. იქვე იყვნენ ომარის ხევსური ნათესავები და ამბობდნენ, სისხლს ავიღებთო. ჩემი და დამნაშავე რომ ყოფილიყო, იქ ვინ დამტოვებდა ცოცხალს, 3 დღე მიცვალებულებს არ დაამატირინებდნენ…”.
პროცესზე გამოძიებამ გამოაქვეყნა ლანა პაპიძის წინასწარ მიცემული ჩვენებები, როგორც ირკვევა ლანა პაპიძე სამჯერ არის დაკითხული. მან წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებების უმეტესობას უარყო.
ლანა პაპიძეს, წინასწარ გამოძიებაში ნათქვამი აქვს, რომ მის დას, მაგდას საყვარელი ჰყავდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე მან ეს ინფორმაცია უარყო. მისივე თქმით, ოთახში არანაირი სისხლის კვალი არ დაუნახავს, ხოლო კითხვაზე, რითი ახსნის იმას, რომ ოთახში სისხლის კვალი აღმოჩნდა, ლანა პაპიძემ ასე უპასუხა: “რამდენიმე ხნით ადრე ომარმა ცხვირი დაიზიანა, ჩვენთან ყოფნის დროსაც წასკდა ცხვირიდან სისხლი, თავის სახლშიც და ალბათ გამოძიებამ იმ სისხლის ლაქები იპოვა… ჩემი სიძე მეტრი და 87 სანტიმეტრი იყო, ძალიან ძლიერი, ცარიელი კუნთი, იყო შემთხვევა, მე და ჩემი და ზურგზე მოგვიკიდა და ასე გვატარა, ჩემი და მის აწევას და თრევას ვერ შეძლებდა”.
ლანა პაპიძის თქმით, იცოდა, რომ ბოლოს მაგდა პაპიძე ორსულად იყო, თუმცა მისი თქმით, “ორსულად საკუთარი ქმრისგან იყო”.
როგორც წინასწარ გამოძიებაში ლანა პაპიძეს აქვს ნათქვამი, “ჩემი დისგან გავიგე, რომ ომარი შეხვედრია ოთარ ბერძენიშვილს, უცემია და მერე ოთო მაგდას დაემუქრა, შენ ქმარს გავაქრობო”, დღევანდელ პროცესზე კი ლანა პაპიძემ განაცხადა, რომ ასეთი რამ მას არ უთქვამს. “შეიძლება მაგდას არ ახსოვდეს, ამ ამბებამდე ერთი კვირით ადრე, მაგდამ დამირეკა და მითხრა, ომარიმ ოთარისთან იჩხუბაო”. პროცესზე სხვა მოწმეებმა ეს არ დაადასტურეს.
ლანა პაპიძე: “ომარის ძმა, მახო დედაჩემს დანით დაემუქრა და მეც მანქანა დამიზიანა, ამაზე გამოძიებას მივმართე”.
გამომძიებელმა ლანა პაპიძის ეს ბრალდება განმარტა და განაცხადა, რომ მას მანქანა სხვა ადამიანმა, ლანა პაპიძის მეგობარმა დაუზიანა და ეს ამბავი ლანა პაპიძემ იცოდა, თუმცა გამომძიებლის თქმით, პაპიძემ თავისი მანქანის დაზიანება მალხაზ ქაფიაშვილს დააბრალა.