თელავის საგამოცდო ცენტრში გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც გაირკვა, ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი დედამ ისე გააშვილა, რომ დედობილ-მამობილმა ტყუპისცალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, როდესაც ლუკას მამა გარდაეცვალა, ბიძამ უთხრა, რომ ნაშვილებია და ძმა ჰყავს. ლევანმა ძმის შესახებ საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.
„გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს ამბავი, რომ ნაშვილები ვიყავი და ძმა მყავდა. ლუკას კლასელმა მნახა და უთხრა, სკოლასთან შენი ორეული ვნახეო. ამის შემდეგ ლუკა ყოველდღე მეძებდა. მანამდე, ბიძამისმა დამინახა გზაზე და მიცნო. ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, მაგრამ მიხვდა, რომ ძმები ვიყავით. საგამოცდო ცენტრიდან რომ გამოვედი, ტრასაზე დავინახე. მანქანიდან გადმოვედი და შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს. არავის არაფერი უთქვამს, თვითონ მივხვდი ყველაფერს.
როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასდროს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ. ამ ამბით გავბედნიერდი, ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა და თითქოს ვგრძნობდი კიდეც, რომ მარტო არ ვიყავი. ამ დროს კი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნაშვილები ვიყავი. შეიძლება ზოგს ეთქვა მშობლებისთვის, რატომ ამიყვანეთ და გამზარდეთო და იმის ძებნა დაეწყო, ვინც გააჩინა. არადა, ვინც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა, აღგზარდა, შენს გამო ყველაფერი დათმო, ისინი არიან მთავარი“ – იხსენებს ლევან მარტაშვილი „სარკესთან“ საუბრისას.