დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას და ბოლო პერიოდის გახმაურებულ მკვლელობებს ეხმაურება.
” საქართველო სასაკლაო ველად იქცა და ვინაა დამნაშავე, თუ არა ხელისუფლება, ვისაც ევალება უსაფრთხოება და წესრიგი?! ტოტალურ კრიმინალში ჩაიძირა ქვეყანა. ყოველდღიურად ხდება მკვლელობები, დაჭრები და სხვა, სახეზეა სამართალდაცავ ორგანოთა უსუსურობა. თქმა არ უნდა, თამარ ბაჩალიაშვილის გადაცვალებამ, უფრო ზუსტად მკვლელობამ, შემზარა და ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, ისედაც ერთი თვეა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ მორალურად გამანადგურა, ისევე როგორც ყველა ნორმალური თანამემამულე, და ამ ერთ თვეში ლამის დღემ არ ჩაიარა, ახალი უბედურობების გარეშე, ძალიან ძნელია ამის ყურება. ერთადერთი გამოსავალია ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ეს არაა პოლიტიკური განცხადება, არც ვპოლიტიკოსობ, ესაა ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და შეხედულება საქართველოს ფიზიკურ გადარჩენაზე, გამომდირე იმ ტრაგიკული და კატასტროფული ვითარებიდან, რაშიც საქართველო და ქართველი ერი აღმოჩნდა უკანასკნელ წლებში.ჩვენმა ლოცვებმა ძალა დაკარგა, ღმერთმა აშკარად ზურგი აქცია ჩვენს საქართველოს და ერს. იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც ძალიან დიდს ვაშავებთ ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია და შედეგებსაც შესაბამისს ვიმკით. არ მგონია ვაზვიადებდე: სატანამ დაიდგა ტახტი საქართველოში და ტკბება ამ ჯოჯოხეთით.ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები სრულდება ჩვენს ერზეც მთელი სიზუსტით:5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი…7. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ…21. როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.22. ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ. (თავი I) ” – წერს ილია ჭიღლაძე.