Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ Instagram-ზე ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა.
„მინდა, პირადად მოვიბოდიშო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშები მონაწილეობდნენ და ავიღო პასუხისმგებლობა. არასწორი იყო ბავშვების მიერ იმ პროდუქციის რეკლამირება, რომელსაც მათთან კავშირი არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემი ნამუშევრებით ფიქრების პროვოცირება მომწონს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა და რომელსაც მე ვგმობ.
ეს შემთხვევა ჩემთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, საჭიროა მოვუსმინო და გავეცნო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობას, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი პრობლემის მოგვარებაში.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოებმა შეურაცხყო. Balenciaga იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ჩვენთვის შესაძლო ყველა გზით დასაცავად“, – წერს გვასალია.
