პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც ოფიციალურად აქვთ მილიონერის სტატუსი. მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” კვლევის თანახმად, დეპუტატი ქალის დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.
ნატო ჩხეიძე პროფესიით ექიმია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. თითქმის ყველა ინტერვიუში, სადაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებიან, ყვება, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ალბათ გასათხოვარი დარჩებოდა.
“ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო. მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო – ცხოვრებაში, ძირითადად ხუთების დაწერა მიწევდა” – ამბობდა წლების წინ “თბილისელებთან” ინტერვიუში.
როდესაც ზაზა ოქუაშვილზე ოფიციალურად იქორწინა, ნატო ჩხეიძე პათანატომიის კათედრაზე ექიმად მუშაობდა. წყვილი ქალის მშობლების ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობდა.
90-იან წლებში საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და საბურთალოზე ზაზა ოქუაშვილმა თონე გახსნა. 1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა “ომეგა ჯგუფი”, რომელიც მოიცავს, როგორც ავტოკომპანიების წარმომადგენლობებს საქართველოში, ასევე სიგარეტების წარმოების ბიზნესს. წყვილმა 90-იანი წლების ბოლოს ერთობლივად დააფუძნა ტელეკომპანია “იბერია”, რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.
ნატო ჩხეიძე ხშირად იხსენებს იმასაც, რომ მეუღლეს სამჯერ დაშორდა და სამჯერვე თავიდან დაიწყეს ცხოვრება – ზაზა ოქუაშვილი მეუღლის მიერ წამოწყებულ არცერთ გაყრის პროცესზე არ მისულა.
ნატო ჩხეიძესა და ზაზა ოქუაშვილს დაქორწინებიდან 12 წელი შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ სამკურნალოდ, აეროპორტის გზაზე ნატო ჩხეიძემ ქმარს უთხრა, რომ შესაძლოა შვილი იმიტომ არ ჰყავდათ, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. ჯვრისწერა იმავე დღეს, სამების ტაძარში შედგა.


წყარო: ambebi.ge
