სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირაკლი ვაჭარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილზე სოციალურ ქელში წერს და აღნიშნავს, რომ ედუარდ სააკაშვილი იმიტომ მოსწონს ყველას, რომ ისაა ევროპელი ადამიანი, რომელიც ქართულად საუბრობს.
“ეს სტატუსი არაა პოლიტიკაზე. მითუმეტეს არაა სააკაშვილზე. გთხოვთ, წაიკითხოთ როგორც ანთროპოლოგიური დაკვირვება ჩვენ თავზე და კულტურაზე: ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუ გასულა მედიით. და დღეს, ფბ-ზე დაბრუნებულმა, უაღრესად დადებითი გამოხმაურებები ვიხილე მასზე. ადამიანებს მოსწონთ მისი ერუდიცია, სიმშვიდე, წრფელი საუბარი. ასევე, აღნიშნავდნენ სხვაობას მასსა და სხვა, მყვირალა ქართულენოვან სტუმრებს შორის, რომლებსაც წლებია ვუყურებთ მედიაში.
ჰოდა, ედუარდი აპოლიტიკურს, ქოცსა და ნაცს ერთნაირად იმიტომ მოსწონს, რომ ისაა ევროპელი ადამიანი, რომელიც ქართულად საუბრობს. ანუ, უნიკალური შემთხვევაა: მისი პირით ჩვეულებრივი, ევროპელი, ცივილიზებული ადამიანი მსჯელობს. მაგრამ, რადგან ეს ყველაფერი ქართულ ენაზე ხდება, მსმენელი აცნობიერებს რა დიდი ყოფილა სხვაობა მასსა (ქართულ საჯარო კომუნიკაციის კულტურასა) და ევროპულს/დასავლურს საჯარო კომუნიკაციის კულტურას შორის.
ჩვენ ხომ თითქმის არ გვინახავს როგორ მსჯელობენ ადამიანები მიმდინარე მწვავე საკითხებზე. არ ვიცით, როგორ ინარჩუნებენ ცივილურობას და როგორ არ კარგავენ სახეს.
ჩვენ მხოლოდ წყლის შესხმა, ცემა და უკიდურესი დამცირება დაგვასწავლა, როგორც ნორმა, აქ მიმდინარე მედია დებატმა. ამიტომაა ასეთ დიდ ეფექტს რომ ტოვებს ედუარდის ინტერვიუები. ისაა ის გაცნობიერება, რომ თურმე როგორი შეგვიძლია ვიყოთ, თუ მეტ ენერგიას, მონდომებას და სურვილს ჩავაქსოვდით საკუთარი პიროვნების განვითარებაში.
მთლიანობაში, კარგი კულტურული შოკია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის: შენიანის, მაგრამ თან ნახევრად უცხოს (როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ნახევრად ქართველი) ხატებით, სარკეში ხედავ იმას თუ რა ხარ, რა შეიძლებოდა ყოფილიყავი და რა შეგიძლია გახდე. თურმე კარგი ყოფილა კარგი, თავაზიანი, მშვიდი, განათლებული ადამიანის მსჯელობის მოსმენა, ისეთისა, რომლის მსჯელობის შემდეგ განსხვავებულ მხარეებს შორის ხიდები კი არ იწვება, არამედ აიგება”, – წერს ირაკლი ვაჭარაძე.
