ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო.
მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია გამოხატა. ამასთან ჯაღმაიძე მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
“შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება.
ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძალადობა მედიასა და კრიტიკოსებს დაუკავშირა და თქვა: “ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმონმა.
მონაზონზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარზე 2 პირი – 27 და 39 წლის კაცები დააკავა, გამოძიება მათ ჯგუფურ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას ედავება. თავდასხმას გუშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, მან მომხდარში კრიტიკული მედია და კრიტიკოსები დაადანაშაულა.