გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ე.წ. ოქროს მოწმის დამალვის ადგილი დამწვარია – როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ის ჯიხურთან 5 ივნისს იმყოფებოდა.
გიორგი გელხაურის თქმით, მსგავსი შემთხვევები აჩენს ეჭვებს და უფრო ბუნდოვანს ხდის საქმეს, იმ ფონზე, როდესაც კითხვები უკვე არსებობს.
„მე გუშინ ვიყავი ამ ადგილზე და ჯიხური, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა, ჯიხურის გვერდით ადგილი დამწვარია. საუბარი იმაზე, რომ იქ იმალებოდა ამირხანაშვილი – შეიძლებოდა იქ ყოფილიყო რაიმე მტკიცებულება, ან დნმ. მით უმეტეს, როცა არის ეჭვი, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. არ ვიცი, ზუსტად რომელ წერტილში იყო – მაგრამ იქ არის დამწვარი ადგილი და ეს ბუნდოვანებს სძენს საქმეს”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
გურამ ამირხანაშვილი ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმეა“ – ის გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ექვსმა ახალგაზრდამ დიდუბეში ჩამოიყვანა. ამირხანაშვილის პირველი ჩვენებით, მას თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.