Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვის საკითხზე კენჭისყრა გამოაცხადა. მასკის გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ვარიანტი „მომხრე“ ან „წინააღმდეგი“.
გამოკითხვას თან ახლდა ლათინური ანდაზა „Vox populi, vox Dei“ – „ხალხის ხმა ღმერთის ხმაა“. ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ ორ საათში დაახლოებით ოთხმა მილიონმა მომხმარებელმა გამოთქვა აზრი ტრამპის ანგარიშის განბლოკვის შესახებ.
2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, Twitter-მა გამოაცხადა, რომ სამუდამოდ დაბლოკა დონალდ ტრამპის ექაუნთი. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებობდა „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკი“. მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა სოციალურმა ქსელებმაც მიიღეს. ამის შემდეგ, Twitter-მა ასევე დაბლოკა სხვა ექაუნთებიც, რომლებიც სავარაუდოდ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნოდა.
წყარო: Deutche Welle