საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ გამოცემა Corriere del Mezzogiorno-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ნაპოლის“ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. არველაძის თქმით, მას არ ეშინია, რომ კვარაცხელიამ ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობა ჩამოართვას.
„კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია და უკვე გამოირჩევა გუნდში, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. პარასკევს მან მითხრა, რომ ნეაპოლში კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს, მაგრამ ზურგი ისევ სტკივა და იმედოვნებს, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება.
– ვინ არის კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებს დიდ პერსპექტივას უხსნის. მის გარეშე ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს, კვარაცხელიასთან ერთად კი მიზანის მიღწევა შესაძლებელია – ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოხვედრა.
– კვარაცხელიას საუკეთესო თვისება – მრავალფეროვნებაა. ამ ასაკში ასეთი რაოდენობის თვისებები მაკვირვებს. მას არა მხოლოდ გოლების გატანა შეუძლია, არამედ თანაგუნდელებსაც ძალიან ეხმარება და თამაშსაც ძალიან კარგად კითხულობს.
– სულაც არ მეშინია, თუ ხვიჩა ჩემს საგოლე რეკორდს გააუმჯობესებს. ნუ ღელავთ, პირიქით, ამას ვუსურვებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩვენ კი უკვე წარსულში ვართ. იმედი მაქვს, ის შეძლებს საქართველოს მწვერვალზე აყვანას. ჩვენი დიდი ოცნება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გასვლაა. კვარასთან ერთად ჩვენ ეს შეგვიძლია“ , – განაცხადა შოთა არველაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში შოთა არველაძის ანგარიშზე 26 გოლია, ხვიჩა კვარაცხელიას კი 10 გოლი დაუგროვდა.