ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ძებნაში მყოფი ვაჟა მელაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი კლიენტის ინტერესია, რომ დაზარალებულებთან საერთო ენა გამონახოს. მისივე თქმით, მელაძე მზადაა, ჩაერთოს სასამართლო განხილვებში და მედიასთან ურთიერთობაშიც, რათა დაამტკიცოს, რომ ის არაფერ შუაშია.
„ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია, ვაჟა მელაძემ ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან, რადგან დაზარალებული როგორც თქვენ, ასევე თავად ვაჟა მელაძეაცაა. ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს სასამართლო განხილვებში, მედიასთანაც ღიაა და სურს, დაზარალებულებს დაუმტკიცოს, რომ არაფერ შუაშია ვაჟა მელაძე. მისი ამოცანაა, როგორმე დაზარალებულებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ მათ რეალური პრეტენზია არ ჰქონდეთ ვაჟა მელაძესთან და ასევე, მისი ამოცანაა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის“, – აცხადებს კობაიძე.
ზემოაღნიშნულმა ადვიკატმა ასევე აღნიშნა, რომ მელაძე არ განკარგავდა კომპანიის ფინანსებს.
„ის აღნიშნავს, რომ გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციურ სამსახურში მოხვედრის შემთხვევაში. ასე გადაწყვიტა ამ ადამიანმა, ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას. ფინანსური საკითხები მისი პრეროგატივა არ იყო, არც ერთი ტრანზაქცია არ არსებობს, რომ მას ან დირექტორმა ჩაურიცხა ან სხვამ. ყველაფერი მიმართული იყო შპს-კენ, მხოლოდ შპს „მელაძეს“ ჰქონდა ურთიერთობები დაზარალებულებთან. მელაძის მიერ ხდებოდა აღნიშნული კომპანიის გაპიარება, პროდუქციას ის აკეთებდა, ბმა არის, მაგრამ სამართლებრივი არა. იმის გამო, რომ ერთი პირი აპიარებს რაღაც კონკრეტულს, ის დააკავო, სისხლის სამართლის კოდექსითაც გამორიცხულია“, – თქვა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ვაჟა მელაძეს 26 მოქალაქის კუთვნილი 473 252 ლარის მოტყუებით მითვისებას ედავება.