ასტროლოგი, ხათუნა ნოელი აცხადებს, რომ ხვალ, 8 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა, რაც ნეგატიური ზეგავლენების პერიოდს დაასრულებს და გარკველწილად, ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს.
“მთვარის დაბნელებები, როგორც წესი, სავსემთვარეობას ემთხვევა ხოლმე. ამ დროს მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებში ხვდებიან, მათ შორის კი დედამიწაა მოქცეული, რომლის ჩრდილიც გადაფარავს ხოლმე ღამის მნათობს და ამის გამო ხდება მისი დაბნელება. ზოგჯერ, ნაწილობრივ ხდება გადაფარვა, ზოგჯერ, სრულად. ამჯერად, მთვარის სრულ ეკლიპსთან გვექნება საქმე.
რითაა ეს ეკლიპსი საყურადღებო? პირველყოვლისა, ურანთან შეერთებით, რომელიც ასტროლოგიაში რევოლუციების, ამბოხებების, საპროტესტო გამოსვლების მმართველ პლანეტად ითვლება. ამავდროულად, ურანსვე აბარია სიახლეები, ცვლილებები და მოულოდნელი ამბები.და რადგან დაბნელება ხდება ე.წ. მთვარის აღმავალ კვანძზე, რომელიც ასევე მომავლის მიმართულების სიმბოლოა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში რაღაც ახალ თემებს ჩაეყრება საფუძველი.
არ დაგვავიწყდეს, მორიელისა და კუროს ნიშნები, ორივე, ფინანსური ნიშნებია, ანუ , ჩვენს მატერიალურ მხარესაც შეიძლება რომ ეს ამბები შეეხოს, მით უმეტეს, რომ მთვარის საპირისპირო მხარეს, მორიელის ზოდიქოში, მზის გარდა თავს იყრის კიდევ 2 პლანეტა – მერკური და ვენერა. ეს უკანასკნელი კი დაბნელების დისპოზიტორია და როგორც ხედავთ, ოპოზიციაში მოდის მთვარესთან. ამას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული რყევები საფონდო ბირჟებზე, ვარდნა სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების, შესაძლოა ძალზე მსხვილ გაკოტრებებსაც ჰქონდეთ ადგილი. რაც შეეხება მერკურის, მისი როლიც ძალზე საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიცია გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ზოგიერთ მედია-პლატფორმებს.
და ბოლოს, დაბნელების ღერძი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთანაც, რომელიც სიმბოლიზირებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სამართლებრივი სისტემას, ყველა ტიპის შემზღუდველ ორგანიზაციას. ის ასევე შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოში რეპრესიულ და მაკონტროლებელ ძალებს. სატურნი აჩვენებს ერის დამოკიდებულებას კანონისა და წესრიგის, იერარქიის, ძველი წეს-ჩვეულებების მიმართ. შესაბამისად, აქაც რაღაც ცვლილებები იქნება მოსალოდნელი.
თუმცა, რადგან ამ დაბნელების პიკი თბილისის დროით 16:49-ზე უწევს, ცხადია, რომ მას საქართველოში ვერ დავინახავთ. ტრადიციულად ითვლება, რომ დაბნელებების ზეგავლენა იმ ქვეყნებზე ვრცელდება, საიდანაც ის ჩანს. ხოლო ჩანს იგი ჩრდ.ევროპის უკიდურეს ნაწილში, აზიაში, შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირის ნაწილში, ავსტრალიაში და ამერიკის კონტინენტზე .
საგულისხმოა, რომ სწორედ 8-ში აშშ-ში არჩევნების დღეა, ამ დღეს იქ ახალ სენატს, ანუ მასში შემავალ კონგრესმენებს ირჩევენ. და თუ სენატის 2020 წლის არჩევნებში მოქმედი სენატორების უმრავლესობამ გაიმარჯვა და სტატუს-კვოს შენარჩუნება შეძლო, სავარაუდოდ, წელს აუცილებლად ექნებათ ცვლილებები..
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენთან მასშტაბური მოვლენების გამოწვევა ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა გარკვეულ ზეგავლენას მაინც იქონიებს იმ ადამიანებზე, რომლებიც კუროს 16 გრადუსის ახლომახლო არიან დაბადებულები, რადგან ეს მთვარის ეკლიპსი სწორედ ამ გრადუსზე უწევს. რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც საპირისპირო ნიშანში, მორიელის მე-16 გრადუსზე ჰყავთ მზე. ზეგავლენას აგრეთვე იგრძნობენ ის ადამიანებიც, ვისაც ამ გრადუსებზე რაიმე პლანეტა უზით, ან თავად არიან დაბნელებები პერიოდში დაბადებულნი.
რა თემებში ექნებათ მათ ცვლილებები და გამოწვევები, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხვდება მათ პირად რუკაში დაბნელების გრადუსი.
პ.ს. წითელი ფერი, რომელიც ამ მთვარის დაბნელებისათვის იქნება დამახასიათებელი, საკმარისად უვნებელი ასტრონომიული მოვლენაა, ამიტომ არ აჰყვეთ „ცრუ განგაშს“ განსაკუთრებული სისხლიანი ომების თუ მსხვერპლის გარდაუვალობის შესახებ. სამაგისოდ აუცილებელი იქნებოდა მარსის ან პლუტონის ჩართულობა, მაგრამ მათ დაბნელების წერტილთან შეხება არ აქვთ.“ – აცხადებს ხათუნა ნოელი.