მომღერალმა, ნინი ქარსელაძემ ჟურნალ “სარკესთან” განაცხადა, რომ ევროპაში მხოლოდ ტურისტად დაბრუნებას აპირებს, ხოლო მოსკოვში გადაბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს.
“ჯერ ერთი, დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული. ჩემი უფროსი ძმა, კახი (მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი) თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს, იქ აქვს თავისი საქმე. მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე რუსი.
– რუსული ესტრა
დაც მოგწონთ?
– ძველი ესტრადა – ლუბა უსპენსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვები დედას ძალიან უყვარს და ეს სიყვარული მეც გადმომეცა. ვერ გეტყვით, რომ ახალი თაობის მომღერლებს ვიცნობ. არ მინდა, გამომრჩეს, რომ ვიყავი “ა სტუდიოს” კონცერტზე, სადაც ქეთა თოფურიამ და დედამისმა დამპატიჟეს. კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩატარდა და დიდი სიამოვნება მივიღე…. დარბაზი სულ სავსე იყო. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ტაშს არ უკრავდა. ჩვენთან კონცერტზე მოდიან და ტაშს არ გიკრავენ. გულნატკენი ვარ, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მსმენელი, როგორიც ჰყავთ რუსებს.
ყველანაირად ძალიან განვითარებული ერია ბევრ იმ ერთან შედარებით, სადაც მიცხოვრია. ზუსტად ვიცი, ევროპისა და რუსეთის შედარებას დიდი ამბავი მოჰყვება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ…. ლონდონში რომ ვსწავლობდი, მამაჩემს ციხეში გულის შეტევა მოუვიდა.
რექტორთან შევედი, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და გათავისუფლება ვთხოვე, მაგრამ მითხრა, რა ვქნა, გუშინ დედაჩემი მოკვდა, დღეს კი აქ ვარ და ლექციებს ვატარებო. ის წელი დავამთავრე და მას მერე ლონდონში აღარ დავბრუნებულვარ.
…ჯერ ერთი, რუსები მართლმადიდებლები არიან, მეორეც, ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა. ზუსტად ვიცი, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცუდად ფიქრობენ რუსებზე, ბოლო პერიოდში იქ არ ყოფილან. მათ ისე უყვართ ქართველები და ისე ენატრებათ ჩვენთან ურთიერთობები, რომ ვერ დავიჯერებ და ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ იმ ქალაქში არ უნდა ჩავიდე” – ამბობს მომღერალი “სარკესთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ნინიმ, როდესაც ‘მძიმე კაცთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამშობლოზე მეტად შოკოლადი უყვარს. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს მხოლოდ 21 წლის გოგონას გულახდილი ინტერვიუ იყო” – ამბობს ქარსელაძე