საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
,,ჩემთვის უცნაურია, თუ რატომ გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით კი იურისტებში გაოცების განცდა იმ ფაქტმა, რომ მოსამართლის მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თან ახლდა არგუმენტაცია თუ რატომ მივიდა სასამართლო აღნიშნულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე. მე პირადად შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივაწოდო ინფორმაცია ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ამავე სასამართლოს მოსამართლეები სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ახდენენ მიღებული გადაწყვეტილების ზეპირ დასაბუთებას.
საზოგადოების ნაწილმა ვინც თვლიდა, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება არ წარმოადგენს საკვირველ ქმედებას, ყურადღება გაამახვილა დასაბუთების ხანგძლივობაზე, რაც მათ მიერ შეფასდა სასამართლოს მიერ თავის მართლებად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასაბუთების მოცულობა დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის მოცულობაზე. როდესაც სისხლის სამართლის საქმე შედგება 11 ტომისაგან და 5 დამოუკიდებელი ბრალად წარდგენილი ეპიზოდისაგან, ბუნებრივია არავის არ უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ სასამართლო დასაბუთებას მოგვახსენებდა ერთი წინადადებით ან ერთ წუთში.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასაბუთების მოცულობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ინტერესის მოცულობასთან. ვთანხმდებით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა ზედმეტად მაღალი საჯარო ინტერესი. საზოგადოების ნაწილი საქმის ირგვლივ ფლობდა არასწორ ინფორმაციას, რაც განპირობებულ იყო დაზარალებული მხარის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პარალელური მართლმსაჯულებით.
ფაქტობრივად სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება, ზედმეტად მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რატომ მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ინფორმაციის მიწოდების იდეალური დრო რა თქმა უნდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას იყო. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში უსმენდა სასამართლოს. სასამართლოს რომლის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილ განაჩენს ხვალ არავინ არ წაიკითხავს, გარდა მხარეებისა. ბუნებრივია ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ზეპირი დასაბუთება.
რაც შეეხება იურისტების ნაწილს, რომლებიც ბოლო დღეებია ხშირად ამბობთ ფრაზას ,,ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი. ჩვენ ბევრი გამამტყუნებელი განაჩენი გვინახავს და ვიცით’’. მინდა გკითხოთ:
1. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ფიქსირდება ათეულობით ტყუილი?
2. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები სადაც მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეხვეწება განქორწინებას და მსხვერპლი სასტიკად წინააღმდეგია?
3. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები სადაც ასახულია მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები?
4. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადე მსხვერპლთან პატრულის ან სოციალური მუშაკის თანდასწრებით დადის?
5. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეუბნება რომ მისი ეშინია?
6. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს გაურბის? ან ღებულობს ზომებს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი დაუყოვნებლივ აღიჭურვოს კამერებით მოსალოდნელი პროვოკაციისაგან თავის დაცვის მიზნით?
7. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს სთხოვს ფსიქოლოგებთან ერთობლივ სიარულს არასრულწლოვნის ინტერესების უზრუნველსაყოფად? სადაც მოძალადედ ცნობილი პირი დადის და მსხვერპლი არა.
8. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მსხვერპლს გამოძიების ეტაპზე, პირველ სამ გამოკითხვის ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენეტის ოქმში ავიწყდება ძალადობის განხორციელების ფაქტის აღნიშვნა?
9. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, ბრალდებული განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას დაზარალებულად ცნობილი პირისგან?
10. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, 112-ში დარეკვისას ძალადობა განვლილი მსხვერპლი სასწრაფო ეკიპაჟის გამოძახების წინააღმდეგია?
და ასე, დაუსრულებლად შემიძლია ფაქტების აღნიშვნა, რომელიც თქვენთვის ცნობილ გამამტყუნებელ განაჩენებში არ მოიძებნება“ – წერია მიმართვაში