საბერძნეთში საქართველოს საელჩო, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს:
,,საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის ლ.ს-ს გარდაცვალების თაობაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 24 ოქტომბრამდე, მოქალაქე ლ.ს-ს გაუჩინარების ან/და გარდაცვალების თაობაზე, რაიმე სახის შეტყობინება არ შემოსულა, არც მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, არც საბერძნეთის პოლიციის, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის ან დამკრძალავი ბიუროს მხრიდან.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საელჩო ავტომატურად არ იღებს ინფორმაციას პირის გარდაცვალების შესახებ თუ არ მოხდა აღნიშნულის თაობაზე ინფორმირება ზემოაღნიშნული პირების ან/და უწყებების მიერ.
აქვე გაცნობებთ, რომ მხოლოდ 24 ოქტომბერს საელჩოს დაუკავშირდა ნათესავი, რომელმაც გვაცნობა, რომ 12 ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონიათ კომუნიკაცია გაუჩინარებულ პირთან. ამასთან, არ ფლობდნენ ინფორმაციას გაუჩინარებული პირის ბოლო ადგილსამყოფელის, სამუშაო ადგილის ან ზუსტი საკონტაქტო ნომრის შესახებ. შესაბამისად, მათ გაეწიათ კონსულტაცია მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად უგზოუკვლოდ დაკარგული პირის მოძიების პროცედურების შესახებ. კერძოდ, ის რომ საბერძნეთის კანონმდებლობით, გაუჩინარებული პირის უახლოესმა ნათესავმა გაუჩინარებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ პირადად უნდა მიმართოს საბერძნეთის პოლიციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ან საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ინტერპოლის სამსახურს.
მეორე დღეს, 25 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ლ.ს -ს შესაძლო გარდაცვალების თობაზე. ინფორმაციის მიღებისთანვე, საქართველოს საელჩო და ყველა კომპეტენტური პირი ჩაერთო მოქალაქის ცხედრის მოძიებაში და კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ნათესავთან.
იმავე საღამოს საელჩოს მიერ ატიკის რეგიონის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში დადასტურდა ლ. ს-ს ცხედრის არსებობა და აღნიშნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით.
ცხედრის პოვნის შესახებ ასევე, ეცნობა გარდაცვლილის ნათესავს, ხოლო 26 ოქტომბერს ოჯახთან შეთანხმებით დაიწყო გადასვენების პროცედურები.
საელჩო გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავს იკავებს, გაასაჯაროვოს სხვა დეტალები.
საქართველოს საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ასევე, მოგიწოდებთ, ამ მძიმე წუთებში გვერდით დავუდგეთ გარდაცვლილის ოჯახს და თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებისაგან.
ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ მხოლოდ გასულ წელს საქართველოს საელჩოს ჩართულობით და საქართველოს სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსებით უმოკლეს ვადებში გადასვენდა საქართველოს 62 მოქალაქე.საქართველოს საელჩო აგრძელებს ჩვენი თანამემამულეების დახმარებას და მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე ან მოგვმართოთ განცხადებით საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ან/და საქართველოში გარდაცვლილი ოჯახის წევრმა მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა სრული დაფინანსებით და უმოკლეს ვადებში მოხერხდეს საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადასვენება.” – ნათქვამია განცხადებაში