როგორ ცდილობს ლალი მოროშკინა უზრუნველი სიბერის უზრუნველყოფას და რა პრინციპებით მართავს ის თავის ცხოვრებას, ამას მისი პასუხებიდან შევიტყობთ. მინისტრის მოადგილე, პროფესორი, არაერთი ბესტსელერის ავტორი – ეს ლალის რეგალიების მოკლე ჩამონათვალია, შესაბამისად, მისი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით საინტერესოა.
– ცხოვრებაზეც არ ამბობთ უარს, არა?
– არა, არა! ჯერ თავო და თავოო, ნათქვამია და მე გადასარევად ვიცი ჩემი თავის ფასი. კარგი მანქანა იქნება, დასვენება თუ ტანსაცმელი, უარს არ ვიტყვი, მე ეს ჯანმრთელი ცხოვრების გასაგრძელებლად მჭირდება. მარტო ის ხომ არ არის, ფული იშოვო და ავადმყოფი შეხვდე სიბერეს. ნელ-ნელა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი, თორემ არც საზღვარგარეთ წასვლას ვიკლებ, არც დასვენებას და არც ახლობლებს ვაკლებ საჩუქრებს. ყველზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობა და ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობები მანიჭებს. ვინც მიცნობს, იცის, როგორ არ მიყვარს, ეგრეთ წოდებული, „ბომონდური საზოგადოება“. არც ბოტოქსს გავიკეთებ არასდროს, არც პლასტიკურ ოპერაციას და არც იმაზე ახალგაზრდად მინდა გამოვიყურებოდე, ვიდრე ვარ.
– რას აკეთებთ, როცა რაღაც მომენტში ფული მთავრდება?
– სასწრაფოდ ვიწყებ წიგნის წერას, რომელიც კარგად იყიდება, ვაკეთებ პროექტებს, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. ყოველთვის ყველაფერი გამოდის, მხოლოდ სიზარმაცეა გამოუსვლელეობის მიზეზი. თუ მას დაამარცხებ, რაღაცას ყოველთვის მოახერხებ. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ისმის წუწუნი – „რა გვეშველება?!“. რასაც გავაკეთებთ, ის გვეშველება.
– რამდენად არის მამაკაცთან ურთიერთობისას მისი მატერიალური მდგომარეობა შეფასების კრიტერიუმი?
– არ განსაზღვრავს-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი. მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ ყავაზე გპატიჟებს, იმ ყავის ფული უნდა ჰქონდეს. არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, ვისაც რაღაც უნდა მამაკაცისგან. ყოველთვის მათზე მეტი მქონდა, ვინც მეპრანჭებოდა (იცინის). ჩვენთან კაცები ძალიან დაკნინდნენ. ვერ აუწყვეს ფეხი ამ ცხოვრებას, სამწუხაროდ. მათ მიმართ დიდი მოთხოვნები არ მაქვს, ვიცი, რომ ასე მოხდა. ამ ცხოვრებაში ქალები უფრო ამტანები გამოდგნენ. მაგრამ ის, რომ მამაკაცს საკუთარი ბენზინის ფული უნდა ჰქონდეს, უბრალოდ, თავმოყვარეობის ამბავია. ამას ჩემთვის, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, უთავმოყვარეო ოჯახის წევრი არ მინდა.
წყარო: tbiliselebi.ge