თურქეთში, არჰავის რაიონში რამდენიმე დღის წინ 23 წლის რიტა ეგნატაშვილი ქმარმა, შაქრო აბესლამიძემ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ასევე მოკლულია ბრალდებულის მეგობარი ხვიჩა ოსანაძე. საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Ambebi.ge-ს რიტა ეგნატაშვილის ახლობელი უყვება, გოგონა შინ მარტო იყო, როდესაც ქმარი მივიდა, ჯერ სცემა და შემდეგ წამებით მოკლა. მოკლულის ახლობლები ეჭვობენ, რომ მამაკაცს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და სწორედ ამ მიზნით წაიყვანა ეგნატაშვილი თურქეთში.
თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც მოკლული ქალის ოჯახი უარყოფს.
“თურქეთში ჩაიყვანა, რომ მოეკლა, ის იყო მანიაკი, ნარკომანი… თურქულმა მედიამ ყველაფერი არასწორად გაავრცელა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს ადამიანი თურქეთში ჯერ თვითონ წავიდა და 10 დღის შემდეგ წაიყვანა რიტა. იმ არაკაცმა სახელი და გვარი შეიცვალა თურქეთში გადასვლისას. დაგეგმილი ჰქონდა რიტას მკვლელობა, უნდოდა ჩაეყვანა და მოეკლა. მანამდეც სულ ძალადობდა ცოლზე. რიტას მშობლების ოჯახში იყვნენ, როცა მაკრატელი ჩაარტყა. მაშინ გააგდეს, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. ბათუმშიც თურმე ხშირად სცემდა. თურქულმა მედიამ არასწორი და ძალიან ცუდი ინფორმაცია გაავრცელა. რიტა შინ მარტო იყო, როცა იმ მკვლელმა სცემა, აწამა, ხელები დაუსერა და შემდეგ ყელი გამოჭრა. ხვიჩა რომელიც მკვლელის მეგობარი იყო, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა და ხმაურზე შესულა რიტასთან, რომ დაუნახია, მკვლელს მისთვისაც უსვრია. ის ოჯახიც გაამწარდა. ხვიჩას 4 შვილი დარჩა”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.