მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთმა ქვეყანამ საოცრად აიცილა მსხვერპლი – ეს საქართველოა. ამის შესახებ ნათქვამია Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
Fox News-სთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მიმოსვლის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინფექციის დაბალი გავრცელების კუთხით.
„ჩვენ მტკიცე ქმედებები უყოყმანოდ მივიღეთ. არა მხოლოდ დავიწყეთ ყველა ჩამომსვლელისთვის ტემპერატურის შემოწმება, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა, რამაც საერთაშორისო ფრენების სრულ აკრძალვამდე მიგვიყვანა. ჩვენ ასევე დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და საჯარო შეკრებები შევზღუდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტატიის ავტორი სწერს, რომ 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა, 27 გამოჯანმრთელდა და რომ საოცარი შედეგია ის, რომ არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
„შორს ვართ იმის თქმისაგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ გავრცელების მრუდის სტაბილიზირებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას მოჰყვება.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე – ბაზრის ქცევა ამის ნათელი დადასტურებაა. თითქმის ყველა ქვეყნის მსგავსად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოციალური დისტანცირება და შევაჩერეთ არაარსებითი საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.