8 წლის დათი ქოქრაშვილი რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ გაიცნო. სამწუხაროდ, მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. თუმცა, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. დათი რამდენიმე თვეა, ისრაელში მკურნალობს და ახლა მისი დედა კლინიკიდან სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს. დათის ფინანსური მხარდაჭერა შეგვიძლია შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE90BG0000000101545483, თიბისი: GE05TB7962745064300024.
ქრისტინე მამუკაშვილი: ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, დათის ოპერაცია გაუკეთეს, კანი გადაუნერგეს, რითაც ღია ჭრილობები დაიხურა მუცელზე, დუნდულაზე, ასევე, მცირე ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მძიმე პროცესი. რთული ოპერაცია გადავიტანეთ, ფეხიდან გადაუნერგეს საკმაოდ დიდი ზომის კანი ჭრილობის დასაფარავად და ახლა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს – ნაოპერაციევიც სტკივა და ფეხიც, საიდანაც კანი აიღეს. ერთი კვირა მაინც სჭირდება, რომ ჭრილობები ცოტა მოშუშდეს და ტკივილებმა იკლოს. იმისთვის, რომ გაუსაძლის ტკივილებს გაუმკლავდეს, ეს რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ მედიკამენტებს აძლევენ და ძირითადად სძინავს. რთული დღეები გვაქვს, ბავშვისთვის რთულია ამ ეტაპის გავლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჭრილობა დაუხურეს და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს. ერთ კვირაში გავიგებთ, როგორ მიიღო ორგანიზმმა გადანერგილი კანი. ცოტა ხანი კიდევ შეხორცებას უნდა დაველოდოთ და ასე, ნელ-ნელა ფინალისკენ გავდივართ. ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ამდენ ხანს მოგვიწევდა გაჩერება. გვეგონა, ჩამოვიდოდით, პროთეზს გაგვიკეთებდნენ და გაგვიშვებდნენ. მაგრამ მთელი ეს დრო ინფექციას ვებრძვით. ის რომ არა, ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდებოდა და ახლა უკვე სახლში ვიქნებოდით. თუმცა, კიდევ კარგად მოვერიეთ ინფექციას. თავის დროზე მითხრეს, ორი პროცენტია მისგან განკურნების შანსიო და მადლობა ღმერთს, ამ ორ პროცენტში მოვხვდით. ინფექცია ორგანიზმში ახლაც არის და წამლების მიღებას ვაგრძელებთ. ძალიან ტოქსიკური წამლებია, ბავშვს თმა გაუქერავა, ცვენაც დაეწყო, მაგრამ მკურნალობის კურსი ექვს თვეს მოიცავს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ დახურულიყო.
– დათიკო ემოციურად როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს?
– ემოციურად ახლა უფრო უჭირს. ოპერაციის შემდეგ, როცა ღვიძავს, ტირილის შეკავება უჭირს, რადგან ძალიან სტკივა. ამბობდა, არ მჯერა, რომ ეს ხდება, არ მჯერა, რომ ეს სინამდვილეაო. განცდებშია – ეშინია, ვერ უყურებს თავის სხეულს. ფეხიდან კანის გადანერგვის შემდეგ, ფეხზეც დიდი ჭრილობა აქვს და ცდილობს, სულ დაფარული ჰქონდეს, არ შეხედოს. ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ველოდით, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს ასეთი რთული და მტკივნეული იქნებოდა. იმედია, ყველაფერი კარგად წავა და რამის მეორედ გადატანა არ გახდება საჭირო. მთავარია, ორგანიზმმა მიიღოს გადანერგილი კანი და ინფექცია არ წავიდეს. შემდეგ, წვრილმანები დაგვრჩება მოსაგვარებელი და როგორც გვეუბნებიან, სექტემბრის დასაწყისში გამოგვწერენ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გაუკეთებენ. იმპლანტზე ან პროთეზზე საუბარი ადრეა. ჯერ ჭრილობა კარგად უნდა შეხორცდეს. წელიწად ნახევარი-ორი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ იმპლანტის ჩადგმა მოხერხდეს. გვთავაზობენ, რომ ეს ამერიკაში გავიკეთოთ, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, რამდენად შევძლებთ. ნელ-ნელა დეტალებს ვარკვევთ და ძალიან გვინდა, რომ გამოგვივიდეს.
– როგორ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა დაბრუნების შემდეგ?
– მეორე ფეხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მოტეხილი აქვს და მეტალი უდგას. ამიტომ დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად დაგვჭირდება ფიზიოთერაპიის კურსის გავლა. ასე რომ, სარეაბილიტაციო ცენტრის გარეშე არ გამოვა, თუმცა, ძირითადად სახლში ვიქნებით.
კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით.
– როგორც ამბობთ, მეორე ფეხზე არ არის მარტივი მდგომარეობა, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე ხომ არ ემუქრება?
– შეძლებს თუ არა სიარულს? აქ გვეუბნებიან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყავარჯნებით სიარულს შეძლებსო. ეტლზე არც გველაპარაკებოდნენ, ეს, უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვითმინეთ და გამოვუწერეთ. ყავარჯნებით სიარულს კი ნელ-ნელა უნდა შევეცადოთ, მაგრამ მგონია, რომ აქ ამას ვერ მოვახერხებთ. ალბათ, უფრო საქართველოში, ვარჯიშის შედეგად ფეხი ცოტა რომ გაძლიერდება და მის დადგმას შეძლებს, მერე იქნებ ყავარჯნებითაც გაიაროს.
– ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნებოდა, დათისთვის აგეხსნათ, რომ ფეხი დაკარგა. ამას როგორ გაუმკლავდით?
– თავიდან, მეგონა, ხვდებოდა, რომ ერთი ფეხი აღარ ჰქონდა. თურმე, ვცდებოდი. შემდეგ, რამდენიმეჯერ მითხრა, ფეხს ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვხედავ და სად არის ჩემი ფეხიო? ექავებოდა და მთხოვდა მომფხანეო. მივდიოდი და მეორე ფეხს ვფხანდი, ეგ არა, მეორეო, მეუბნებოდა და არ ვიცოდი, რა მეთქვა, როგორ ამეხსნა… ხედავდა, რომ ფეხი არ იყო, მაგრამ ვერ აღიქვამდა იმიტომ, რომ ტკივილს გრძნობდა და ქავილის შეგრძნებაც ჰქონდა. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ეს ფანტომური შეგრძნებები კიდევ კარგა ხანს ექნება. როცა გაიგო, რაც მოხდა, ძალიან ინერვიულა. პირველი რაც მკითხა, იყო – „ჩემმა ძმებმა იციან, რომ ფეხი აღარ მაქვს?“ გაუჭირდა, მაგრამ მერე ვუთხარით, რომ მალე რკინის ფეხი ექნება, რომ მერე კიდევ უფრო ძლიერი და სწრაფი იქნება და ნელ-ნელა შეეგუა ამ აზრს.
– დიდი ხანი ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იყო, გამოღვიძების შემდეგ როგორ აუხსენით რა მოხდა, რეალობას როგორ შეაგუეთ?
– ძალიან რთული ეტაპი გავიარეთ. პირველ რიგში, წამალზე დამოკიდებულების პრობლემას უნდა გავმკლავებოდით. დათიკო დიდი ხანი ნარკოზის ქვეშ იყო, ამასთან ერთად, კიდევ ძალიან ძლიერ წამლებს უკეთებდნენ და ყველაფერი ერთად მოუხსნეს. ამიტომ, გამოღვიძების შემდეგ, თავიდან ძალიან აგრესიული იყო, ყველაფერს იგლეჯდა, ძალიან სტკიოდა, გვეჩხუბებოდა. ასე გაგრძელდა პირველი ათი დღე. მერე ნელ-ნელა დამშვიდდა და კითხვების დასმაც დაიწყო. ნელ-ნელა ავუხსენით, რაც მოხდა. ერთბაშად ვერ ვეტყოდით, იმიტომ, რომ ბავშვს არც ავარია ახსოვდა და ვერც იმას ხვდებოდა, სად იყო და რატომ.
წყარო: tbiliselebi.ge