თურქეთის ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი ისრაელის ელჩის, ვალიდ აბუ ჰაიას განცხადებას ეხმაურება და მას „უპასუხისმგებლოსა და სამარცხვინოს“ უწოდებს.
დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ისრაელის ელჩი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე აკეთებს.
„ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა. ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ელჩი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე, მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობა მარადიული იქნება“, — წერს თურქეთის ელჩი.
მანამდე ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების — „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ — შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ელჩმა „ბათუმი არენაზე“ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პოლიციასთან დაპირისპირების კადრები გააზიარა და მომხდარს „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“, სირცხვილი და სამარცხვინო საქციელი უწოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მისი პოსტი ქართულ ფეისბუკზეც გავრცელდა, ვალიდ აბუ ჰაიამ სოციალური ქსელი არაგამომწერებისთვის ჩაკეტა.
