უფლებადამცველი ლაშა ცუცქირიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სამართალდამცავი უწყებების მიდგომებში ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც სტადიონზე და ქალაქში აგრესიული გულშემატკივრების მხრიდან დაპირისპირებისა და ქონების დაზიანების შემთხვევები იყო, სამართალდამცავებს არც პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებიათ და არც წესრიგის აღსადგენად პროპორციული ძალა გამოუყენებიათ.
ცუცქირიძის თქმით, სხვა შემთხვევებში კი პოლიცია საგნების სროლის ან სამართალდამცავებზე თავდასხმის გამო პირებს მკაცრად სჯის და მრავალწლიან პატიმრობას უფარდებს.
მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარ მიდგომაზე მიუთითებს და ქვეყანაში კანონის უზენაესობას პრობლემას უქმნის.
ჩვენ წუხელ რაც ბათუმში ვნახეთ, არის კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტის. მაშინ როდესაც სტადიონზე, ქალაქში, აგრესიული გულშემატკივრები პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიციას თავზე ალეწავდნენ ყველაფერს, არცერთმა სამართლდამცავმა არათუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენა, არამედ პროპორციული ძალაც კი არ გამოიყენა, წესრიგის აღსადგენად. სამაგიეროდ, იგივე პოლიციელი უმკაცრესად სჯის, ჯოხის სროლის გამო, ბოთლის სროლის გამო ადამიანებს და წლობით უშვებს, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, მონაწილეობით, პოლიციელზე თავდასხმით და ა.შ. ჩვენ მრავალი მაგალითი ვიცით ამის. მთავარია, რომ კანონი ყველასთვის იყოს ერთი, განურჩევლად სქესისა, რასისა, მოქალაქეობრივი კუთვნილებისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. შესაბამისად, როდესაც კანონი უზენაესი არ არის, ქვეყანაში ხდება ისეთი შემთხვევები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, სახემწიფო არცერთ შემთხვევაში საკუთარ მოქალაქეებს მეორეხარისხოვნად არ უნდა ეპყრობოდეს და საერთოდ, მოქალაქეობრივ პოზიციას რომ თავი დავანებოთ, როგორც ეპყრობი ერთ ადამიანს, ისე უნდა მოეპყრა მოერესაც, ორმაგი სტანდარტი დაუშვებელია და როცა ასეთი ორმაგი სტანდარტი სახეზეა, დიდი პრობლემა ექმნება ქვეყანაში კანონის უზენაესობას, – ამბობს ცუცქირიძე.
