ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების პოლიტიკური კონტექსტის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
მისი შეფასებით, მომხდარი შესაძლოა გაცილებით ფართო პროცესების ნაწილი იყოს და ბათუმში რუსეთ-თურქეთის გავლენებისთვის ბრძოლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
“თავისთავად ფეხბურთის “ფანების” ბობოქრობა არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. რეალური პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ამას თან ახლავს სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი და როდესაც ამაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ისრაელ-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულობას.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის რეგიონული პოლიტიკის ანატომია, ის ხედავს, რომ ბათუმი ბოლო წლებში გადაიქცა რუსეთ-თურქეთს შორის გავლენისთვის ფარული ბრძოლის ეპიცენტრად. რუსეთის იმპერიის გავლენის ტექნოლოგია ყოველთვის იყო აგებული ამ ტიპის დაპირისპირებების პროვოცირებაზე ეთნიკური თუ რელიგიური მოტივებით შეფუთვით და თითქოს უმნიშვნელო ინციდენტების შემდგომ გაღვივებასა და კონფლიქტის გაღრმავებაზე.
ამიტომ, სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა ეცდება ამ ერთი შეხედვით “ჩვეულებრივი” მოვლენისთვის სასურველი მიმართულების მიცემას.
სამწუხაროდ, ბათუმში ამისათვის რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს, რაშიც ვიღაცას შეგნებულად, ვიღაც კი სიბრიყვით ჩართავს”- წერს ხუხაშვილი.
