სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირება.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.
„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.
პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
