“ყოველთვის მგონი დაბადება სჯობს არ დაბადებას… ” – კლინიკა “ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მსჯელობაში მხოლოდ ქალები უნდა მონაწილეობდნენ.
მისი შეფასებით, დაუშვებელია, ქალს სხვებმა უკარნახონ უნდა თუ არა სუროგატად მუშაობა ან შვილის გასაჩენად რომელ მეთოდს მიმართოს.
„მაინც ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ძალიან ბევრი საკითხისა, ამ კანონპროექტის განხილვაში მხოლოდ ქალები უნდა მონაწილეობდნენ, იმიტომ, რომ ვერც ერთი კაცი ვერ გაიგებს იმ ძალას, რა ძალითაც ქალს უნდა შვილის ყოლა. ნახევარი წელი არ მიჩნდებოდა შვილი, ორი წელი რა მოსატანია? ხალხი მთელი ცხოვრება უძღვნის ამ პროცესს, რომ როგორმე შვილი იყოლიოს და ისეთი საშინელებაა ეს უიმედობის შეგრძნება, რომ შვილი შეიძლება არ გეყოლოს, რომ ვერც შევადარებ.
ვფიქრობ, რომ მამაკაცები საერთოდ არ უნდა განიხილავდნენ ამ თემას. ქალს არ უნდა უწყვეტდნენ, უნდა თუ არა მას სუროგატად ყოფნა და მუშაობა, და არც იმას უნდა უწყვეტდნენ, თუ რა მეთოდს უნდა მიმართოს იმისთვის, რომ შვილი იყოლიოს.
ხელაღებით ნუ ლანძღავთ, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია სუროგაციის გზით გაჩენილი. ამ ბავშვების სტიგმატიზაციას ახდენთ, ან საერთოდ, ამ ბავშვებს რატომ უნგრევთ ფსიქიკას? დაბადება სჯობს არ დაბადებას.
აიღეთ ყველა იმ ბავშვის ფოტო, ვინც ამ გზით დაიბადა, და ჩახედეთ თვალებში, თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლებმა, კანონის წარმომადგენლებმა. ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და უთხარით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ“ – აცხადებს ნინო ნადირაძე
იხილეთ ვიდეო…
