გაშიფრულია ბაღების ძარცვის ახალი სქემა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა ხალას, გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღების ტენდერები, სადაც ხელშეკრულებებში ჯამში 43 ცვლილება შევიდა და სამივეგან ერთი და იგივე სქემა გამოიკვეთა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა წლობით ჭიანურდებოდა, ხოლო მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები პერიოდულად მნიშვნელოვნად იზრდებოდა.
ორგანიზაციის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სამ სოფელში (ხალა, გვარა, ქვედა კვირიკე) საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი ვერ მართა: ვერ მოამზადა შესაბამისი ხარისხის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები, დროულად და ეფექტიანად ვერ გააკონტროლა სამუშაოები, რამაც, საბოლოო ჯამში, 2,117,523 ლარით გააძვირა პროექტები
TI-ის თანხმად, სქემა ასეთია – თავდაპირველად გამარჯვებული კომპანია იღებს სოლიდურ ავანსს, საქმეს შუა გზაში ტოვებს, მერია კი ახალ, გაძვირებულ ტენდერს აცხადებს, რომელსაც უკონკურენტოდ იგებენ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ფირმები:
სოფელი გვარა (3 წლით დაგვიანებული და 1,008,814 ლარით გაძვირებული): თავდაპირველად შპს „ბილდ მენეჯმენტმა“ 149,487 ლარი მიიღო და მშენებლობა ვერ დაასრულა. ამის შემდეგ მერიამ ღირებულება 2,065,000 ლარამდე გაზარდა, ტენდერში კი უკონკურენტოდ და ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და მსხვილი შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ“ (რომელსაც დღეს მისი ქალიშვილები ფლობენ). მოგვიანებით მერიამ კომპანიას ვადებიც გადაუწია და თანხაც კიდევ 203,310 ლარით გაუზარდა.
სოფელი ქვედა კვირიკე (4 წლით დაგვიანებული და 887,287 ლარით გაძვირებული): აქაც „ბილდ მენეჯმენტმა“ 271,458 ლარი მიიღო და სამუშაო შეწყვიტა. ხუთი ჩაშლილი მცდელობის შემდეგ, მეექვსე ტენდერში (1,949,889 ლარი) უკონკურენტოდ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ შემწირველმა შპს „მშენებელმა“. კონტრაქტი 16 ჯერ შეიცვალა, 187,179 ლარით გაძვირდა, კომპანიას კი ავანსად 603,500 ლარი გადაერიცხა. 2022 წელს ჩასაბარებელი ბაღის დასრულება 2026 წლის 28 ნოემბრისთვის გადაიდო.
სოფელი ხალა (თითქმის 4 წლით დაგვიანებული და 221,422 ლარით გაძვირებული): ამხანაგობა „ნიკამ“ ხელშეკრულების ღირებულების 85% (1,160,566 ლარი) წინასწარ მიიღო, კონტრაქტში 17 ცვლილების შეტანის მიუხედავად საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, მერიას კი დარჩენილი სამუშაოებისთვის დამატებით 418,401 ლარის ხელშეკრულების გაფორმება მოუწია შპს „ბზასთან“ კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ”.- წერს გამჭვირვალობა.
ორგანიზაციის თქმით, უხარისხო დაგეგმვით, კონტროლის მოშლითა და ფავორიტ კომპანიებზე გაცემული გაძვირებული ტენდერებით ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბავშვებს წლობით წაართვა საბავშვო ბაღები, ბიუჯეტს კი ასობით ათასი ლარი დააკარგვინა.
