რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, რუსული მხარე დამატებით ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
ზურაბაშვილის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ 9 ოქტომბერს შვიდი ქართული ღვინის კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნებოდა, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ გალუზინმა, შეხვედრისას ახალი სანქციების გეგმის შესახებ აცნობა.
ამასთან, ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინმა “იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა, ვერცერთი ფაქტი ვერ დაუდო. “
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო – ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.
რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, – აღნიშნა მან.
მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.
