ჩვენ ვართ მზად – არანაირი არგუმენტები არ არსებობს „ქართული ოცნების“ მხარეს, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, მათი კითხვები იქნება კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე მზად შეკითხვები და ეს შეკითხვები არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით, როგორც უყვართ ამ მიზეზით აცილება. ჩვენ გვექნება კონკრეტული კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე შეკითხვები, მათ შორის იმ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, რა განცხადებებსაც კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით აკეთებს „ქართული ოცნება“. ჩვენ ვართ მზად.
ჩვენ ასევე ამ პროცესში აუცილებლად გვჭირდება ის, რომ საზოგადოებამ ნახოს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ მზად არ არის აღნიშნული ეტაპისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ ფორმალურად დაწერა კონსტიტუციური სარჩელი და გადმოუგდო სასამართლოს, არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტები არ არსებობს „ქართული ოცნების“ მხარეს, რომ პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
