UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, არა ოქტაგონზე მიღწეული წარმატებების, არამედ პირადი ცხოვრების გამო.
ბოლო დღეებში უცხოურ მედიასა თუ ქართულ პლატფორმებზე აქტიურად განიხილავენ ქართველი მებრძოლის სავარაუდო ახალ რჩეულს – 19 წლის ქართველ მოდელსა და მოცეკვავეს, ლინა სიჭინავას.
ინტერესის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოა, რომელზეც ილია თოფურია ლინა სიჭინავას ლოყაზე კოცნის. როგორც გამოცემა New York Post წერს, ფოტო თავდაპირველად ერთ-ერთის Instagram-ის „Close Friends“-ის, ანუ ახლო მეგობრებისთვის განკუთვნილ ისტორიაში გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი საჯარო სივრცეშიც გავრცელდა.
მართალია, წყვილს ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მათი შესაძლო რომანის შესახებ საუბარი ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება.
საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს, ვინ არის გოგონა, რომლის სახელიც ცნობილი სპორტსმენის პირად ცხოვრებას დაუკავშირდა.
ლინა სიჭინავა „სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეა, ასევე მოდელი და სოციალურ ქსელებში პოპულარული სახე. მისი სახელი ფართო აუდიტორიისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საინტერესო, რაც ილია თოფურიასთან ერთად გავრცელებულ ფოტოში გამოჩნდა.
საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ყოფნისას, ილია თოფურია „სუხიშვილების“ ანსამბლს ესტუმრა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო ანსამბლის ოფიციალურმა Instagram-გვერდმაც გაავრცელა. კადრებში ლინა სიჭინავაც ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასთვის გასული პერიოდი პირად ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ, მისი შესაძლო ახალი ურთიერთობა განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა.
