საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა, აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს. ამის შესახებ მან საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ვრცელდება დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა.
„მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლით. სასჯელის ზომად განმესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. ვაღიარებ და ვინანიებ რა ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, მე სრულად აღვიქვამ ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, რაც სრულად მაქვს გაცნობიერებული. მიმაჩნია, რომ დანიშნულმა სასჯელმა გაამართლა მისი მიზნები, ვინაიდან მოხდა ჩემი რესოციალიზაცია და კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბება. ამასთან მაქვს დიდი სურვილი, მონაწილეობა მივიღო ჩემი სამშობლოს საქართველოს აღმშენებლობაში და გავხდე საზოგადოების ღირსეული წევრი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ განიხილოთ ჩემი თხოვნა და შემიწყალოთ“, – აღნიშნულია ჯავახიშვილის შეწყალების თხოვნაში, რომლითაც პრეზიდენტს 7 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. მათ შორის პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვეს ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, გიორგი მინდაძემ, გიორგი ოკმელაშვილმა, ანრი კვარაცხელიამ, დავით ლომიძემ. აღნიშნული პირები საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ბრალდებით იყვნენ დაკავებული, მათ შორის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.
