ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ეკუთვნის. მისი თქმით, მოსკოვში ქორეპისკოპოს თეოდორეს მიერ გაკეთებული განცხადება, სავარაუდოდ, პირად პოზიციას გამოხატავდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებული არ ყოფილა.
თავისი ხედვიდან გამომდინარე დააფიქსირა ალბათ… არ მგონია, რომ ეს სინოდის სახელით დააფიქსირა და ა.შ. შეიძლება, სიტყვაში ასე გამოვიდა. ახლა, ვერ იტყვი, ვინ რა განცხადებას გააკეთებს. არ მგონია, ეს შეთანხმებული იყოს მის უწმინდესობასთან, – ამბობს მიტროპოლიტი.
მიტროპოლიტი უარყოფს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოზე ზეწოლა ხორციელდებოდა და განმარტავს, რომ საკითხის განხილვა შეჩერდა, თუმცა სინოდის სხდომაზე აღარ დაბრუნებულა.
არა, ეგრე არ ყოფილა. შეჩერდა ეგ საკითხი და მერე უკვე სინოდის სხდომაზე არ განხილულა ეგ საკითხი. კარგია, რომ მისი უწმინდესობა არ გამგზავრებულა, კარგი ტონია და ვფიქრობ, რომ მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს რაროგორ იქნება, იმიტომ, რომ მართლაც არეულია მსოფლიო და ვინ რას აკეთებს, თავისუფლად მოქმედების ზონაში არიან. ჩემი თვალსაზრისით, უკრაინას ეკუთვნის დამოუკიდებელი სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი, იმიტომ, რომ კიევიდან განათლდა მთელი რუსეთიც და სლავური რასა, – ამბობს ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი.
რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.
განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
მოსკოვის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქისთვის მსგავსი გარანტიები არ გაცემულა.
