ივანიშვილის დეპუტატი, ნინო წილოსანი გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
“როცა ასეთი მწვავე პრობლემა გაქვს, როგორიც ოკუპაციაა და როდესაც ხედავ, რომ ვერავინ დამატებითი სხვა მხარე ვერაფერ ხელშესახებს ვერ აკეთებს, შენს პრობლემებს შენზე უკეთ ნამდვილად ვერავინ მოაგვარებს. ამიტომ, ასეთი სახის კომუნიკაციები საკვანძოდ მნიშვნელოვანია”. – თქვა წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
19 ნოემბერს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენელი, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილეს, მიხეილ გალუზინს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა “რიგ პრაქტიკულ შეთანხმებას” მიაღწიეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გასავითარებლად “კონტაქტები გაგრძელდეს”. ქართული მხარის განცხადების მიხედვით, “ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით”.
რუსული მხარის თანახმად, დელეგაციებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებთან ერთად “რეგიონის უსაფრთხოების პრობლემატიკა” განიხილეს.
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 21 ოქტომბერს დანიშნა. თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო. ამავდროულად, ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიც შეინარჩუნა, რისთვისაც ივანიშვილის პარლამენტმა ოქტომბერში საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.
