კამათით დაიწყო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში – ოპოზიცია არათანაბარ პირობებზე საუბრობს და სასამართლოს საყვედურობს, რომ “ოცნების” მიმართ პლენუმი ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს.
ეს მას შემდეგ, რაც თორნიკე ჭეიშვილმა კითხვა დასვა. ოცნების დეპუტატმა 2004-დან 2012 წლის ჩათვლით ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების მიმოხილვისთვის 20 წუთი ითხოვა, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არა შეკითხვა არამედ ტრიბუნის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაა.
თორნიკე ჭეიშვილი: 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სახელმწიფოს მომჩივანების სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში დაახლოებით 2 მილიონი ევროს გადახდა. იმ პირებს შორის, ვისთან მიმართებითაც მოცემული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არიან:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი; საქართველოს გენერალური პროკურორის ორი ყოფილი მოადგილე — დავით ჩხატარაშვილი და გიორგი ლაცაბიძე; სასჯელაღსრულების სისტემის 69 თანამშრომელი; შინაგან საქმეთა ყოფილი ორი მინისტრი — ივანე (ვანო) მერაბიშვილი და ბაჩანა (ბაჩო) ახალაია; შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით (იგივე დათა) ახალაია; ამავე სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამტის დირექტორი ერეკლე კოდუა.
რევაზ ნადარაია: კითხვა რომ გვითხრათ… გასაგებია საქმეთა ჩამონათვალი, მაგრამ ეხლა თქვენ უკვე საქმეთა შინაარსში შედიხართ. აი კითხვა რაში მდგომარეობს?
თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ რამდენიმე საქმეზე ვაპირებთ ჩვენ აქცენტის გაკეთებას იმისათვის, რათა ძალიან მოკლედ იქნეს გადმოცემული ფაბულა.
რევაზ ნადარაია: რასაც თქვენ ამბობთ, ეს ან დასკვნით სიტყვაში უნდა მოახერხოთ, ან მოგეხერხებინათ უნდა თქვენი სარჩელის წარმოდგენისას.
თორნიკე ჭეიშვილი: უფრო მომგებიანი ყველასთვის აბსოლუტურად იქნება ის, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ერთიანად წარმოვადგინოთ ძალიან მოკლედ ეს ფაბულები — ალბათ მე სულ დამჭირდება ამისთვის დაახლოებით 20 წუთი — და შემდეგ უკვე შესაბამის, ასე ვთქვათ, მხარეს, მოპასუხე მხარეს ექნება საშუალება, რომ გასცეს ამას პასუხი.
რევაზ ნადარაია: უკვე ეს გადადის ახსნა-განმარტების ეტაპისკენ.
თორნიკე ჭეიშვილი: რეალურად ლაპარაკი არის მართლაც ორ-ორ წინადადებაზე ფაბულასთან მიმართებით. თუ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული პრობლემა, რავი, ჩამოვთვლით საქმეებს და მაშინ იმას მაინც ვიტყვით, ვინ არის ამა თუ იმ საქმეზე მსჯავრდებული, ვინ გასამართლდა, რა მუხლებით გასამართლდა, მე მგონი ეს მაინც…
რევაზ ნადარაია: კი ბატონო, ეს ძალიან მოკლედ, ისე, რომ ეს არ დაემსგავსოს ახსნა-განმარტებას.
ნიკა გვარამია: რა ფორმატია ეს ეხლა?! ამით სისტემურობა და სისტემატურობის მტკიცება არ ხდება კითხვა-პასუხის ფორმატში. ეს ხდება შესავალში და სარჩელში და ხდება შემაჯამებელ სიტყვაში. ეს რა ფორმატია, ჩვენთვის გაუგებარია. ეს არის ერთადერთი ფორმატი… ეს არის პოლიტიკური, ეს არის პოლიტიკური კომუნიკაცია, ეს არის პოლიტიკური კომუნიკაცია მაყურებელთან, რასაც თქვენ კრძალავთ. პოლიტიკური გამოსვლები დაიშვას ყველასთვის და ვნახავთ მერე პოლიტიკურ დებატებში ვინ იქნება გამარჯვებული.
ანი წითლიძე: მოსარჩელე მხარეს ჩვევია, რომ რაღაცა სტატისტიკა წარმოადგინოს, გაუგებარი, და ვეღარ გაიგოს ვერავინ რაზეა საერთოდ საუბარი. ამიტომაც „ქართული ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ამ გაუგებარ სტატისტიკებს რაღაცა ტყუილში ახვევს და შემდეგ ისე წარმოგიდგენს. კონკრეტული საქმეებით არ აქვს… დაგვჭირდება ბევრი დრო? დაგვჭირდეს ბევრი დრო, სათითაოდ გავარჩიოთ ყველა საქმე…
რევაზ ნადარაია: რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ ეხლა პოლიტიკური განცხადებისთვის იყენებს ტრიბუნას მოსარჩელე მხარე — აბსოლუტურად რეალობასთან არ არის. არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალი, რაც ეს სისხლის სამართლის საქმეები არის სარჩელში მითითებული და აქედან გამომდინარე ხდება საქმეთა ჩამონათვალი. რა არის პოლიტიკური კონტექსტი, ცოტა არ იყოს ეხლა ამ შემთხვევაში გაუგებარი არის. პოლიტიკური მიზნით თუ ვინმემ გადახვევა გააკეთა და ისარგებლა ეს ტრიბუნა, ეხლა ვიქნები გულწრფელი და ეს უფრო მოპასუხე მხარეს მოგემართებათ.
შეკითხვის დასმისთვის თუ მხარეს სჭირდება რაღაცის ჩამოთვლა, ანუ არ უნდა მისცეს სასამართლომ ამის უფლება? რატომ? ეს თქვენ დაგიგეთ? სარჩელშია ჩამოთვლილი…
ნიკა გვარამია: მაშინ, როგორც იწყებთ ხოლმე შუამდგომლობით, აი ბოლოში გვითხარი რა არის, კითხეთ ბოლოში რა შეკითხვაა, კითხეთ…
რევაზ ნადარაია: კითხეთ ბატონო, რა შეკითხვაა?კითხეთ ბატონო ნიკა, კითხეთ… და ეხლა დაბრძანდით, საუბრობს სასამართლო. თუ საქმეთა ჩამოთვლა გჭირდებათ, საქმეთა ჩამოთვლა გააკეთეთ, საქმეებს ეხლა ვერ განვიხილავთ, საქმეები სასამართლოსთვის ცნობილია.
