სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის – რიჩარდ გიგანის ვაჟი და მერიის ყოფილი თანამშრომელი მამუკა გიგანი დააკავა. მას ცოლზე ძალადობის ბრალდების მუხლი აქვს წაყენებული. წყაროს ინფორმაციით, გიგანის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არაა, მან ადრეც იძალადა მეუღლეზე მერიაში (სადაც ორივენი იყვნენ დასაქმებულები) და მოძალადეს ადმინისტრაციული სასჯელი აკმარეს, ამის შემდეგ კი სამსახურიდან გაუშვეს.
“მრავალი ძალადობისა და დაუსჯელობის ფონზე, ბოლოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოძალადევ, სულ ტყუილად ზეიმობდი ორი კვირის წინ, როცა ცოლზე ძალადობის გამო მამაშენმა და მის მიერ დანიშნულმა პოლიციელმა შენი პასუხისმგებლობისგან დაცვა მოახერხეს. იმედია, ძალადობის არაერთი შემთხვევის შემდეგ, საბოლოოდ იქ აღმოჩნდები, სადაც შენი ადგილი იქნება – ციხეში.
წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი წლების განმავლობაში მარნეულის მერიაში მუშაობდა.
და კიდევ ერთი სათქმელი მაქვს ბატონ რიჩარდთან: იქნებ, შვილის დაცვისა და მისი პასუხისმგებლობისგან არაერთგზის არიდების ნაცვლად, სჯობს, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ? თანამდებობა და გავლენები არავის უნდა აძლევდეს იმის განცდას, რომ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას თავს აარიდებს. იმკურნალეთ!“ – წერს სამირა ბაირამოვა.
ჩვენი ინფორმაციით, გიგანი პროკურატურამ დააკავა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი გასულ წელს სკანდალში გაეხვა – 17 წლის აზერბაიჯანელ ბიჭს ქართული ენის ცოდნა დაუწუნა და ამის გამო სცემა. მამუკა გიგანი მოსამართლემ ციხიდან 15-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.
სასამართლო დაზარალებულის ხელწერილს დაეყრდნო, რომელშიც წერია, რომ პრეტენზია არ აქვს, თუმცა ბიჭის დედა ამბობდა, რომ ხელწერილი გავლენიანი მაღალჩინოსნის გარემოცვის ზეწოლით დააწერინეს, თითქოს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის შვილთან.
“რა გამოდის ახლა, რომ ხელი მომაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც არც ვიცოდი, რა იყო. მითხრეს, რომ ხელი უნდა მომეწერა დოკუმენტზე, რომ თითქოს პრეტენზია არ გვქონდა ოჯახს, მიმიყვანეს ნოტარიუსთან, ახლა რომ გამოვა და ჩემი შვილი ისევ სცემოს, ამაზე პასუხს ვინ აგებს? პასუხისმგებლობაც ჩვენ აგვკიდეს, იტყვიან, რომ ჩვენ მივმართეთ და მაგიტომ გამოუშვეს. მე რაც მითხრეს, ის გავაკეთე, ადვოკატიც კი არ მახლდა. არ ვიცოდი ხელს რას ვაწერდი”, – ამბობდა დაზარალებულის დედა.
