“ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი, პირდაპირ გეუბნებით! ცდილობთ კითხვა-პასუხების ჩაშლას” – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ენმ-ს წევრს, ზაზა ბიბილაშვილს.
მანამდე ბიბილაშვილი პასუხობდა “ოცნების” შეკითხვას ინანიბედნენ თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციებზე ძალადობას და ემიჯნებდონენ თუ არა მას.
“ჩემი პასუხი არის ჩამოყალიბებული კითხვის ფორმით: ინანიებს თუ არა მოსარჩელე მხარე იმ ქმედებებს, იმ განცხადებებს, იმ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, რომელმაც გამოიწვია ეს [აქციები]? 2023 წლის აქციები გამოწვეული იყო იმით, რომ შემოვიდა კანონმდებლობა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო საზოგადოებისთვის მისაღები. ეს კანონმდებლობა, შემდგომ უკან გაიხმეს და მეტიც, მხარემ განაცხადა, რომ ან კანონს არ შემოვაბრუნოთ უკანო, ეს განცხადებები არის საჯარო სივრცეში. ფაქტია, რომ ერთ წელიწადში შემოაბრუნეს ეს კანონები იმ მოტივითა და შლეიფით, რომ ეს იყო უწყინარი „გამჭვირვალობის კანონი“ და არაფერი ამით არ იცვლებოდა. ნელ-ნელა, ნაბიჯ – ნაბიჯ, მივედით იქამდე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის და ეს სექტორი პრაქტიკულად არ არსებობს. ბოლოს ის აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არის აპრიორი უცხოური გავლენის ინსტრუმენტები.
2024 წელს ითქვა ასეთი სიტყვა რუსთაველის გამზირზე, რომ „ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და ბოდიში მოვიხადოთ“. ამაზე ქართველი კაცი როგორ არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, როცა ჩემი სახლიდან გამოგდებული ვარ აფხაზეთში, ცხინვალში?!… თქვენ მეუბნებით ნანობთ თუ არა ქუჩაში გამოსვლასო, თვითონ ნანობენ თუ არა ამ ფრაზას? ნანაობენ თუ არა, რომ 28 ნოემბერს, 2 წლის წინ ითქვა, რომ ჩვენ აღარ შევასრულებთ, მინიმუმ 4 წელი გვაყინავთ ჩვენი 78-ე მუხლის ვალდებულებებსო?“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა რევაზ ნადარაიას კომენტარი- მან ბიბილაშვილს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა.
„თქვენ ეწევით სპეკულაციას სასამართლოს წინაშე, თქვენ არ საუბრობთ სასამართლოსთვის. თქვენ მე მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტული. ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი, პირდაპირ გეუბნებით! ცდილობთ კითხვა-პასუხების ჩაშლას. თქვენ არ სცემთ პასუხს და აპელირებთ საზოგადოებაზე. ეს არ არის პასუხი შეკითხვაზე, რაც იყო დასმული. თუ ემიჯნებით, ემიჯნებით, თუ მიგაჩნიათ, რომ არაფერია გასამიჯნი, ბრძანეთ, რომ არაფერი გასამიჯნი არ იყო“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ ზაზა ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ „მსგავს რამეს არ ცდილობს და სურს, რომ ყველაფერს უპასუხოს“.
